თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზი“, რომელიც პროდუქციას „უმალის“ ბრენდით აწარმოებს, სამომავლოდ ქათმის და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოებასაც გეგმავს, ამის შესახებ, კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა “კომერსანტთან” ისაუბრა. მისი ინფორმაციით იმ შემთხვევაში თუ ბანკი კომპანიას საკმარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს თევზის გადამუშავების საწარმოს დაემატება საქონლის და ღორის ხორცის გადამუშავებაც.
თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანიას მეურნეობა 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხოლო საწარმო ჯამში 2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
გენო ნასყიდაშვილის განცხადებით მოხდება ახალი დანადგარების შესყიდვა და სტანდარტების დაცვით არსებული საწარმოს ბაზაზე ისე მოწყობა, რომ თევზი და სხვა სახის ხორცეული ერთმანეთთან შეხებაში არ იქნება.
კომპანიის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ აპირებენ აწარმოონ ხინკალი და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატები, ასევე გეგმავენ „ჰამონის“ წარმოებასაც, რომელიც ღორის კანჭისგან მზადდება.
„ჰამონი“ როგორც ესეთი არის იტალიურიც და ესპანურიც და ძალიან ძვირად ღირებულია საქართველოს ბაზარზე, ჩვენ თუ ვაწარმოებთ ფასი ნაკლები იქნება და ალბათ გემოვნური თვისებებით ძალიან დიდი განსხვავება არ იქნება, მიახლოებული იქნება ხარისხიც და გემოც“ . - გენო ნასყიდაშვილი.
კომპანია „უმალი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
თაკო კვაჭანტირაძე