მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ეთერზეთი ვარდის ზეთია. ერთი ლიტრის ფასი 11 000 ევროსაც კი უტოლდება. ბაზრის მონოპოლისტები ბულგარეთი, თურქეთი და მაროკო არიან. ალაზნის ველზე, 95 ჰექტარზე გაშენებული ვარდებისგან მიღებული ზეთი უნიკალურია ტექნოლოგიის გამო. პლანტაციები და საწარმო ერთ სივრცეში მსოფლიოს არცერთ ვარდის ზეთის წარმოებაში არ ფიქსირდება.
ოლგა მოისეენკოვამ ვარდის პლანტაციები 2014 წელს გააშენა. წლიურად, 11 თვიანი მოვლისა და ლოდინის შედეგს მაისში იღებს. დილის 5 საათიდან, ცვარიანიკოკრები ხელით იკრიფება და უმოკლეს დროში რეზერვუარებში თავსდება. ერთი ლიტრი ვარდის ზეთის მისაღებად 3 ტონა ვარდის ფოთოლია საჭირო.
გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ კომპანია PIROSE ROSE OIL-ის დამფუძნებელი ოლგა მოისეენკოვა აცხადებს, რომ ალაზნის ვარდების საწარმოში მაქსიმალური მოსავალი წლიური 25 ლიტრი პროდუქცია იყო. თუმცა, მომავალში პლანტაციების 120 ჰექტარზე გაშენება და ასობით ლიტრი ვარდის ზეთის წარმოება იგეგმება.
„ვარდების სიყვარული და საქართველოში, ალაზნის ველის არაჩვეულებრივი კლიმატური პირობები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვარდის ზეთის წარმოება დავიწყე. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პერსპექტიული და მომგებიანი ბიზნესია. სასურველი ხარისხისა და რაოდენობას მოსავლის მისაღებად, ბევრი შრომაა საჭირო. ვარდის პლანტაციებს სერიოზული მოვლა-პატრონობა უნდა. მაგრამ, დამიჯერეთ ეს ამად ღირს.“
ეთერზეთები მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია და მაღალი ფასი აქვს. ძირითადად კვებით მრეწველობაში, კოსმეტოლოგიაში და მედიცინაში გამოიყენება. ეთერზეთების დამზადება 2 000 მცენარიდან არის შესაძლებელი. მაგრამ, ძირითადი ეთერზეთოვანი მცენარეების ასორტიმენტი არც ისე დიდია. მთლიანობაში, საუბარია 30-ზე მეტ სახეობაზე.
imedinews