ხილისა და ბოსტნეულის ჩირების მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩირჩხელა“ პროდუქციის ამერიკაში გატანას გეგმავს.
როგორც „კომერსანტს“ „ჩირჩხელას“ დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე პროდუქციის ამერიკაში ექსპორტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ეხლა ამერიკაში გატანაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უბრალოდ ტრანსპორტირების პრობლემაა. ტესტირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვაკუუმის ისეთი ტექნოლოგია არ გვაქვს, რომელიც მინიმუმ ორთვენახევრის მანძილზე ტრანსპორტირებას გაუძლებს“,- განმარტავს გური სალუქვაძე.
ამ დროისთვის „ჩირჩხელას“ პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის, მათ შორის ბოლო ქვეყანა დუბაი იყო. თუმცა, გლობალურმა პანდემიამ არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობაზე, არამედ ქვეყნის შიგნით პროდუქციის რეალიზაციაზეც უარყოფითად იმოქმედა.
„ტურისტულ ზონებში სტენდები გვქონდა, თუმცა მუშაობა ყველგან გავაჩერეთ და ყველაფერი, რაც ტურიზმის სფეროს მოიცავდა, დასაწყობებული გვაქვს. მათ შორის ჩვენი სახელოსნო-კაფე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტურისტებში და ხშირად ვაკეთებდით ღვინისა და ჩირჩხელების დეგუსტაციას, მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით მუშაობს“, - აღნიშნავს გური სალუქვაძე.
როგორც „ჩირჩხელაში“ აცხადებენ, მათ ჯანსაღი, ბიო პროდუქტებისგან დამზადებულ ქართულ ნუგბარს მშობლები შვილებისთვის ხშირად ყიდულობდნენ. თუმცა, ტურისტულ აქტივობებთან შედარებით, გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი საკმარისი არ აღმოჩნდა.
„აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიმართ ქართველი მომხმარებლის დაინტერესება ტურისტული აქტივობების შეზღუდვის შემდეგ გაიზარდა. თუმცა, ჩვენს სფეროში ტურიზმს იმხელა ადგილი ეკავა, ვერ ვიტყვით რომ სიტუაცია დაბალანსდა. უბრალოდ, ამან კომპანიის მუშაობის გაგრძელებას შეუწყო ხელი“, - აცხადებს გური სალუქვაძე.
კომპანია „ჩირჩხელა“ წარმოების გაფართოებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. კომპანიამ მომხმარებელს სხვადასხვა ჩირებითა და ტყლაპებით გაჯერებული სულგუნის სახით ახალი პროდუქტი უკვე წარუდგინა. თუმცა, სამომავლოდ „ჩირჩხელას“ ჩირებიანი პასკების ვარიაციებსაც უნდა ველოდოთ.
„ჩირჩხელას“ ოჯახური ბიზნესი უკვე 3 წელია რაც მომხმარებელს ქართული ნუგბარის ნაირსახეობას სთავაზობს. მათ ფართო ასორტიმენტში 25-მდე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის ჩირი, 12 სახეობის ტყლაპი და 7 სახეობის ჩურჩხელაა.
ანი ცარციძე