იმპორტის ნაწილი ძვირდება, ხოლო ადგილობრივის ფასი უნდა შევინარჩუნოთ. სხვა გზა არ არის, ძვირად ვერ გავყიდი, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ასე რომ, ჩვენ სტაბილურად იმ ფასებში ვიქნებით, რომელიც იყო. ბიუ ბიუს სტაბილური მომხმარებელი ჰყავს, მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და ყიდულობენ. შესაბამისად, გაყიდვები არ შემცირებულა, — პანდემიით გამოწვეული კრიზისისა და ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასიც მატულობს. მიუხედავად ამისა, როგორც „კომერსანტთან” კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, მომხმარებელს სტაბილურად პროდუქციის იმ ფასს შესთავაზებს, რაც ბოლო ნახევარი წელია „ბიუბიუს“ აქვს.
„ჩირინა“ სამომავლო გეგმების გადადებას არ აპირებს და მომდევნო წლის ოქტომბერში მომხმარებელს ახალ პროდუქტს წარუდგენს.
ვაშაკიძის თქმით, ახალ ქარხანაში, რომელიც სოფელ გამარჯვებაში არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, ქათმის სოსისების, ძეხვების და ნახევარფაბრიკატების წარმოება მოხდება.
„საინვესტიციო გეგმაში ცვლილებები არ შეგვიტანია
და შემდეგ წელს, დაახლოებით მარტი-აპრილში
ახალი ქარხანა გაკეთდება, სადაც ძირითადად ქათმის ძეხვეულს ვაწარმოებთ.
საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და ახლაც მიმდინარეობს.
რაც შეეხება კონკურენციას, გამომდინარე იქიდან, რომ ხორცისგანაა დამზადებული — პროდუქტი გაიყიდება, „ვაკესა“ და სხვა კომპანიებთან მიმართებაში გაყიდვების პრობლემა არ იქნება.
პროდუქცია, რომლის საინვესტიციო ბიუჯეტი 25 მლნ. ლარს შეადგენს, მომდევნო წლის ოქტომბერში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, ბრენდის სახელზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ უფრო ჟღერადი და დასამახსოვრებელი იყოს.“- აღნიშნავს რევაზ ვაშაკიძე.
კომპანია „ჩირინა“ ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მისი ბრენდი „ბიუ-ბიუ“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ამჟამად კომპანიას საწარმოები აქვს მარტყოფში, სართიჭალასა და სოფელ გამარჯვებაში.
ანი ცარციძე