გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, განაცხადა, რომ უკეთესი დაცვისა და შემდგომი პანდემიების პრევენციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, სავარაუდოდ, ყოველწლიურად გახდება საჭირო.
უღურ შაჰინის თქმით, მომავალში ყოველწლიური რევაქცინაციის ჩატარება გახდება საჭირო, როგორც ეს ახლა გრიპის წინააღმდეგ დაცვის შემთხვევაში ხდება.
უღურ შაჰინი აცხადებს, რომ BioNTech/Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა 9 თვის განმავლობაში კარგ დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ვაქცინის ეფექტი მეოთხე თვის შემდეგ შესუსტებას იწყებს.
„ჩვენი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია ძალიან მაღალ დაცვას უზრუნველყოფს 9 თვემდე პერიოდისთვის. ამიტომაც ვაქცინირებულ პირებში სერიოზული დაავადება და ჰოსპიტალიზაცია იშვიათია“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა.
უღურ შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ გამაძლიერებელი დოზა არა მხოლოდ კარგად იცავს ვაქცინირებულ პირს, არამედ ინფექციის გადაცემის სხვა ჯაჭვების გაწყვეტასაც უწყობს ხელს.
imedinews.ge