თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია შპს „ახალი თევზი“, რომელიც პროდუქციას „უმალის“ ბრენდით აწარმოებს, ბრენდული მაღაზიების გახსნა გადადო. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„იმისი რესურსები აღარ გვაქვს რომ მაღაზიები განვავითაროთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ წარმადობის, შესაბამისად, კი გაყიდვების ზრდას, პრიორიტეტი ეს არის.“-აცხადებს ნასყიდაშვილი.
კომპანიის დირექტორი იმ ზარალზეც საუბრობს, რომელიც შპს „ახალ თევზს“ Covid 19-ის გამო მიადგა.კერძოდ, თევზის და ხიზილალისთვის საჭირო კონტეინერების შესყიდვა კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტირებულისგან განსხვავებით მაღალ ფასად მოუწია.
როგორც ცნობილია, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.კომპანიას მეურნეობა 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხოლო საწარმო ჯამში 2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს.ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, 100 გრამიანი ხიზილალა 23 ლარი ღირს, ხოლო 200 გრამიანი 47 ლარი. კომპანიას ბრენდული მაღაზია 219 წლის ბოლოს, თბილისის ცენტრალურ უბანში უნდა გაეხსნა.
თაკო კვაჭანტირაძე