ჩვენში, ყველა ფაქტს ორი სიტყვით აფასებენ - ტრაგიკული, სამწუხარო, უბედურები ან ფატალური შემთხვევა... ასე შეაფასებენ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც გომბორზე მომხდარ ავარიას თუ ვინმე დაუსვამს კითხვას. რადგან თავად ნაკლებად იჩენენ ინიციატივას, ან არ თვლიან თავს ვალდებულებად, ასეთი შემთხვევების დროს მაინც დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
მით უფრო გაუჭირდებათ იმის აღიარება, რომ ტრაგიკული ფაქტები, არც მეტი არც ნაკლები ხშირად უპასუხისმგებლობის შედეგია. უპასუხისმგებლობის არა მხოლოდ მძღოლის, მასწავლებლის, მუშის ან ექიმის და სხვა ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქის, ვისზეც ძირითადად ტყდება ჯოხი, არამედ თავად ხელისუფლების - მთავრობის, პარლამენტარების, რომლებმაც კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად თავის დროზე არაფერი გააკეთეს და რომლებსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა.
კითხვები კი ამასობაში გროვდება.
„კომერსანტიც“ გომბორის ფაქტზე ცხელ გულზე სვამს კითხვებს, რომელსაც კონკრეტული ადრესატები ჰყავს: მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.
- თუ იცით, რომ მძიმე შემთხვევა მოხდა გომბორზე ?
- თუ იცით, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი დანიშნულების ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს, ანუ პრაქტიკულად მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენენ ?
- თუ იცით, რომ ეს პრობლემა და სხვა მსგავსი პრობლემები თავისით არ გვარდება და საკანონმდებლო დონეზე სჭირდება რეგულირება ?
- თუ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში მხოლოდ სპეციალური ნებართვის (ლიცენზირების) შემთხვევაში შეუძლია მძღოლს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების ტრანსპორტირებით მომსახურებას ეწეოდეს?
- თუ იცით, რომ თქვენი ფუნქცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთება არ არის ?