„კომერსანტის“ ინფორმაციით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსს“ ყიდულობს.
კომერსანტი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ორივე მხარეს დაუკავშირდა. როგორც კომპანია GIG-ში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რადგან პროცესები ჯერ არ დასრულებულა, გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
„ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობაა, რომელიც როგორ დასრულდება ამ ეტაპზე საუბარი ადრეა . გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ ინფორმაციას „ჯეო ჰოსპიტალის“ შესყიდვასთან დაკავშირებით ვერც უარვყოფთ და და ვერც ვადასტურებთ“,- აცხადებენ კომპანიაში.
თავად შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ პასუხიც მსგავსია. „ჯი პი აი ჰოლდინგის“ (სწორედ ამ კომპანიის შვილობილი კომპანიაა „ჯეო ჰოსპიტალსი“) კომუნიკაციების სამსახურის დირექტორის თინა სტამბულიშვილის თქმით, კლინიკების ქსელის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში იყო და დღესაც ასეა:
„მოგეხსენებათ, „ჯეო-ჰოსპიტალსი“ 2011 წლიდან გახდა „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია და აერთიანებს 16 ჰოსპიტალს საქართველოს მასშტაბით. ამ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ინტერესს წლების განმავლობაში არაერთი კომპანია იჩენდა და დღეს იჩენს“.
კითხვაზე რატომ დაინტერესდა ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი სამედიცინო მიმართულებით, პასუხი უცნობია. თუმცა ფაქტია, აქამდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აღნიშნულ საქმიანობაში არ ოპერირებდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დავით ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს: ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება–დამუშავება, საშენმასალათა წარმოება, ლოჯისტიკური მომსახურება, დეველოპმენტი, მედიაბიზნესი, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესი:
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“
„საქნახშირი“
„მტკვარი ენერჯი“
„ნეოგაზი“
შეგახსენებთ, რომ დავით ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებზე, 2008 და 2012 წელს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით გახდა. გარდა ამისა, ის იყო დეპუტატი როგორც 1999 წლის მე-5 მოწვევის პარლამენტში, ისე 2004 წლის მე-6 მოწვევის პარლამენტში. მაშინ ბეჟუაშვილი პარლამენტარი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კვოტით გახდა.
რაც შეეხება კლინიკების ქსელ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს'', იგი 2011 წლის 22 აგვისტოს დაარსდა და იგი სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა. სამედიცინო დაწესებულება საქართველოს 5 რეგიონშია წარმოდგენილი : ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.
დღეს კლინიკის გენერალური დირექტორი სოფიო გასიტაშვილია, რომელიც 2011 წლიდან დღემდე არის სს ,,კურაციოს“ გენერალური დირექტორიც.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს -შპს „ჯეო ჰოსპიტალი“, 20 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელი კომპანიების ჩამონათვალშიც მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რამდენიმე ჰოსპიტალი იმ 91 კლინიკის სიაშიც აღმოჩნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა (2016, 2017, 2018 წწ). ეს არის კლინიკების სია, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნონ.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, შპს ჯეო ჰოსპიტალსი კლინიკების იმ ტოპ ხუთეულში შედის, რომლებმაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო.
სალომე ლემონჯავა