„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მართვის მოწმობის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მართვის მოწმობის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია

person access_time2016-05-20 11:12:46

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიერ მართვის მოწმობის აღება სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ამ მხრივ დანერგილი არ არის ცივილიზებული ქვეყნების სტანდარტები, რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და კადრების არსებობას გულისხმობს. შესაბამისად, შშმ პირებს მართვის მოწმობის ასაღებად უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ, ძირითადად საკუთარი სახსრებით.


საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა დეკლარირებული აქვს. „კომერსანტი“ ერთი საკითხის მაგალითზე შეეცადა გაერკვია, პრაქტიკაში, კონკრეტული დეტალების დონეზე, რამდენად ხორციელდება ეს დეკლარაცია. 


კერძოდ, ჩვენ დავინტერესდით, როგორ იღებენ საქართველოში შშმ პირები მართვის მოწმობას. დეტალებში გარკვევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოში სახელმწიფო მართვის მოწმობის აღების შესაძლებლობასაც უზღუდავს.


გარდა იმისა, რომ დღეს შშმ პირებისთვის ქუჩაში გადაადგილების, შენობებში შესვლისა და ტრანსპორტით სარგებლობის  შესაძლებლობა სრულად უზრუნველყოფილი არ არის, როგორც გავარკვიეთ, მათთვის მართვის მოწმობის აღება სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული: აღმოჩნდა, რომ ისინი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე საკუთარი ავტომობილით უნდა მივიდნენ, რომელიც მათ მიერვეა ადაპტირებული. როგორ უნდა მივიდეს მართვის მოწმობის არმქონდე ადამიანი ადაპტირებული მანქანით გამოცდამდე, როგორც უნდა ჩააბაროს გამოცდა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაციის გამომცდელები არ გვყავს, ან როგორ უნდა აიღოს საბუთები, რომლის გამცემი კადრები არ არსებობენ – ამ კითხვებზე დღეს პასუხები არ არსებობს.  

 

ამ საკითხზე ჩვენ შსს მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მართვის მოწმობების გაცემა ხდება. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, კანდიდატმა წარადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბუთები. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ ცნობაში მითითებული იქნება, „პირი ვარგისია თუ არა ამა თუ იმ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.“


ამის შემდეგ შშმ პირი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, თავისივე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით გადის გამოცდაზე და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იღებს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

 

„ყველა კონკრეტული შემთხვევა გულისხმობს ავტომობილის თავისთავზე მორგებას, შესაბამისად კანდიდატს თავად მოყავს საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით მოწყობილი ავტომობილი" -აცხადებენ შსს მომსახურების სააგენტოში.



სახელმწიფოს ამ კუთხით მიდგომას საბჭოთა ნაშთების გაგრძელებად აფასებს საქართველოს გზების ასოციაცია და ამ ნაწილში შსს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობას სთავაზობს. ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ სინამდვილეში ეს ნიშნავს იმას,რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რეალურად ვერ ახერხებს გამოცდის ჩაბარებას. 

 

„ხომ შეიძლება მას უბრალოდ უნდოდეს მართვის მოწმობის აღება და არ ჰყავდეს ავტომობილი. ასეთი პირი უბრალოდ ვერ იღებს მოწმობას. მეორე - ჯანმრთელობის ცნობა, რომ ვარგისია, რას ნიშნავს? ფაქტია, რომ ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მას სჭირდება გარკვეული ადაპტირებული გარემო რათა შეძლოს ავტომობილის ტარება და ამავდროულად გამოცდის ჩაბარებაც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ადაპტირებული გარემო არ გვაქვს. ძალიან ცუდია,რომ სახელმწიფოს არ ჰყავს შესაბამისი ავტომანქანები"-აცხადებს მესხიშვილი.


მისივე თქმით, სახელმწიფოს მიდგომა და პოლიტიკა ამ მიმართულებით არ აქვს. მესხიშვილი სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირებისადმი დისკრიმინაციულ მიდგომას იმაში ხედავს, რომ შშმ პირი, ვისაც ავტომანქანა არ აქვს, მართვის მოწმობას ვერ აიღებს, სხვა ადამიანს კი მსგავს შემთხვევაში მიწმობის აღება თავისუფლად შეუძლია.

 

მესხიშვილი შექმნილ სიტუაციაში კიდევ ერთ პრობლემას ასახელებს. საუბარია ადაპტირებულ ავტომანქანებზე. მისი თქმით, საქართველოში ოფიციალურად გახსნილ ავტოკომპანიებში და შოურუმებში არ მოიძებნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ავტომანქანები.


„ვერცერთ ასეთ შოურუმში ვერ ნახავთ ადაპტირებულ ავტომობილს. ერთიც კი არ დგას იმისთვის, რომ ვინმე მივიდეს და დაათვალიეროს. რეალურად, საქართველოში მე ასეთი ავტომობილი არ მინახავს. ნანახი მაქვს რამდენიმე, რომელსაც მართავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და რომელიც იყო აქ არსებულ სახელოსნოებში გადაკეთებული. ასე რომ მივადექით სხვა პრობლემას - რამდენად შესაძლებელია ქარხნულ წარმოებაში ჩარევა და ავტომობილის ისე გადაკეთება, რომ ის უსაფრთხო იყოს"-აცხადებს მესხიშვილი.

 

გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, თუ პირს მართვის მოწმობა არ აქვს, გამოცდამდე როგორ უნდა მივიდეს, ავტომანქანა როგორ უნდა მიიყვანოს? შესაბამისად, მესხიშვილი ამბობს, რომ ეს არის სფერო, რომელიც, სამწუხაროდ, სრულიად ღიად არის დატოვებული და სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი მიდგომა არ გააჩნია.

 

მისი რჩევაა, მომსახურების სააგენტომ გადახედოს საერთაშორისო გამოცდილებას და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის მაინც შეიძინოს ერთი ავტომობილი. მისივე თქმით, ეს ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება.

 

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მესხიშვილის ინფორმაციით, ეს სისტემა დასავლეთში დალაგებულია.


„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის საბჭოთა კავშირის დროინდელი ნარჩენების შედეგი. საბჭოთა კავშირის დროს იყო სლოგანი, რომ საბჭოთა კავშირში არ არიან ინვალიდები. შესაბამისად, ინფრასტრუქტურაც ასეთი გვაქვს ქვეყანაში. ისინი არ აღიარებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არსებობას და ეს იყო სრულიად დამამცირებელი. ეს ყველაფერი არის იმ ნაშთების გაგრძელება. საერთაშორისო გამოცდილება არსებობს და იგივე მომსახურების სააგენტოს შეუძლია ამის ნახვა და გაზიარება. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათი დაინტერესების შემთხვევაში გარკვეული წინადადებები შევთავაზოთ,“– აცხადებს მესხიშვილი.

 

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე განმარტავს, რომ შშმ პირებისთვის მართვის მოწმობის აღებას ართულებს შემდეგი გარემოებები: არ არსებობს ადაპტირებული საგამოცდო სისტემა, რომელსაც პრაქტიკულ ნაწილში ადაპტირებული გარემო, ხოლო თეორიულ ნაწილში ხმოვანი და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები ექნება. არ არსებობს შშმ პირებზე მორგებული მართვის შემსწავლელი სპეციალური კურსები და არ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების კუთხით სპეციალიზებული კვალიფიციური კადრები, რომლებიც მართვის მოწმობის აღების სხვადასხვა ეტაპზე თავიანთ მოვალეობას ჯეროვნად შეასრულებენ.

 

მისი თქმით, ადაპტირებული საგამოცდო სისტემის არარსებობა მართვის მოწმობის აღების ერთადერთ დაბრკოლებას რომ წარმოადგენდეს, ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას არ შექმნიდა. მაგრამ შშმ პირებისთვის მართვის მოწმობის აღებას ართულებს ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოში შშმ პირებისთვის მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად საჭირო საბუთების აღება პრაქტიკულად შეუძლებელია.


"შშმ პირებისთვის მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად საჭირო საბუთების აღებას ართულებს შემდეგი გარემოებები: არ არსებობს იმ სამედიცინო კრიტერიუმების ნაზოლოგია, რომელიც შშმ პირზე მართვის მოწმობის გაცემის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს. ამასთან, არ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებში კომპეტენტური ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც შშმ პირების მართვის უნარებს შეაფასებენ და მათ სპეციალურ საჭიროებებს დაადგენენ. ყოველივე ეს შშმ პირებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესდახებ ცნობის (ფორმა №IV-100ა) გაცემას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის და საგამოცდო სისტემის ადაპტირების საჭიროებას ამ ეტაპისთვის ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხად აქცევს"-აცხადებს ძნელაძე.


მისივე მტკიცებით, ამ ეტაპისთვის ცალკეული დეტალების გამოსწორება ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და მისი გადაჭრა მხოლოდ პასუხისმგებელი უწყებების გაერთიანებით და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი.

 

ძნელაძის მოსაზრებით, ამ ეტაპისთვის საკმარისია ძალისხმევა იყოს ორი მიმართულებით: მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა და ჩამოყალიბდეს პრობლემისადმი სისტემური მიდგომა, რაც შორეულ პერსპექტივაში ზემოხსენებული ხარვეზების ეტაპობრივად აღმოფხვრის შესაძლებლობას მოგვცემს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა შშმ პირების მიერ მართვის მოწმობის აღების სტატისტიკითაც. მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ მიზნით მათ ოფიციალური განცხადებით უნდა მივმართოთ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, სტატიის მკითხველებს ამ მონაცემს ამ ეტაპზე ვერ ვთავაზობთ. 



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up