მთავრობა დისტრიბუტორებისა და იმპორტიორებისგან სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ითხოვს,-ამის შეხებ კომერსანტს ერთ-ერთმა იპორტიორმა აცნობა.
მისი თქმით დაახლოებით ერთი საათის წინ პრემიერის აპარატისგან შემდეგი წერილი მიიღეს:
„მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში და საზღვარგარეთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოქმნილია ვირუსული ინფექციის გავრცელებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას არსებული მარაგების და მიდმინარე/მოსალოდნელი იმპორტის/წარმოების მოცულობების დადგენის თაობაზე.
GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას ეთხოვა, ინფორმაციის დამუშავების პროცესში, მისი წევრი და არაწევრი ბიზნეს სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
მიმაგრებული ფაილის სახით გიგზავნით შესავსები კითხვარის ფორმას.
გთხოვთ, კომპანიებმა, რომლებიც ახორციელებენ კითხვარში მითითებული პროდუქციის იმპორტს/წარმოებას, არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“,-წერია წერილში, რომელსაც თან ერთვის ექსელის ფაილი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულეული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია, რომელზეც, დღეისათვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს; სურსათის დეფიციტის შექმნის შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიექტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.
ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.