საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს შეადგენდა, 252 მილიონ ლარამდე შეამცირეს. ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანობაში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი განიცადეს.
ზარალი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებამ გამოიწვია.ქართულმა კომერციულმა ბანკებმა „აქტივების შესაძლო დანაკარგების“ ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა-საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,595 ლარი შეადგინა, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა ზარალმა კი 25,526 მლნ ლარი. ამასთან, სექტემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31,665 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის 9 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 2.9 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.47 მილიარდი ლარი იყო, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1 მილიარდ ლარს შეადგენს. არასაპროცენტო შემოსავლები 650 მილიონ ლარია.
საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 9 თვეში 230 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 48%-ით არის შემცირებული და 34 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, კომერციულმა ბანკებმა 25,5 მლნ ლარის ზარალი მიიღეს.
რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 3.86 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 53%-ით მეტია. დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 813 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 36%-ით არის გაზრდილი და 568 მილიონ ლარს აღწევს.