კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით (1.11%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით (0.34%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.36%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).
2021 წლის თებერვლის განმავლობაში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.36 პროცენტული პუნქტით).