„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ივნისში ფულადი გზავნილების კლება უკვე ზრდით შეიცვალა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა.
„რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება“, — განმარტავს კობა გვენეტაძე.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას „ეროვნული ბანკი“ აქვეყნებს.