კლუბი „მტკვარზე“ კორონავირუსის გამო დროებით დაიხურება. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის Facebook გვერდზე გავრცელდა.
„გამარჯობა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება. ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია. იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს. სიყვარულით „მტკვარზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.