„უკიდურესად სულელური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, გადადგმული ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ. სამწუხარო დღეა დღეს ქართული დემოკრატიისთვის“, - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერი.
საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აშშ-ის კონგრესში 11 თებერვალს საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. დოკუმენტი ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღიარებს ამ ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. აქტის თანახმად, აშშ ადასტურებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის აგრესიისა.
23 თებერვლის დილას, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე პოლიციას შტურმი მიჰქონდა ნიკა მელიას დასაკავებლად, ადამ კინზინგერი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო საზოგადოებიდან, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მეორე მხარის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ავტომატური არ არის მისი პირობები.
წყარო: რადიო თავისუფლება