კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში, ხერსონის პორტის გადაცემა. მიზეზად კონკურსის მიმდინარეობისას ერთ-ერთი კომპანიის, „ხერსონის საზღვაო პორტის“ დისკვალიფიკაცია დასახელდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.მისი განცხადებით, უკრაინაში სასამართლოს სჭირდება გადატვირთვა, რათა მსგავსი გადაწყვეტილებები აღარ მიიღებოდეს.
“ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ინვესტორების დაცვაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ხერსონის პორტის მართვის უფლებით გადაცემა 30 წლით ქართულ-შვეიცარიული კომპანიისთვის „რისოილ-ხერსონი“-სთვის იგეგმებოდა.
2019 წლის სექტემბერში უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 46- მა უკრაინულმა და 11-მა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. გამარჯვებულად ქართულ-შვეიცარიული კომპანია - LLC RISOIL-KHERSON-ი გამოცხადდა.
კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული Petrol Oil and Chemicals და შვეიცარული კომპანია Rissoil S.A. პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მას დავით ბეჟუაშვილიც დაესწრო.
რადიო თავისუფლება