აეროკოსმოსურმა კომპანიამ Virgin Galactic რეგულარული ორბიტალური ფრენების პროგრამის დაწყება კიდევ ერთხელ გადადო, ხოლო მისი აქციების ღირებულება ბირჟაზე ჩამოიშალა.
კომპანიის დამაარსებლის, ცნობილი ინგლისელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის, ივლისში კოსმოსში გასეირნების შემდეგ Virgin Galactic-მა თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა.
აქციების ფასების მორიგი ვარდნა 14 ოქტომბერს დაიწყო პროგრამის გადავადების თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადღეისოდ ვარდნამ 14%-ს მიაღწია.
Virgin Galactic - ეს არის მდიდართა კლასზე გათვლილი ძვირადღირებული სათამაშო ეგზოტიკური და ექსტრემალური გართობის მოყვარულებისთვის. თუმცა, თავისთავად მისი ბიზნეს-მოდელი საკმაოდ არამდგრადია. ინვესტორების ინტერესს რეგულარული კოსმოსური ფრენების პროგრამის პერსპექტივა აღვივებდა, მაგრამ გადავადებათა სერიამ იმედგაცრუება გამოიწვია. რეგულარული ფრენების დაწყება 2021 წლის თებერვალში იგეგმებოდა, შემდეგ ვადამ 2022 წლის იანვრამდე, აგვისტოში კი 2022 წლის მე-3 კვარტლამდე გადაიდო.
ამჯერად რეგულარური ფრენების დაწყების გადადების მიზეზი გახდა საფრენი აპარატის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება, რომელსაც სავარაუდოდ 8-9 თვე დასჭირდება. ამა წლის ივლისში ბრენსონის კოსმოსში გაფრენის დროს ამერიკელ რეგულატორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ კოსმოსურმა ხომალდმა კურსიდა ნგადაუხვია, რაც მნიშვნელოვან საფრთხედ ითვლება. გამოძიებამ სერიოზული დარღვევები ვერ გამოავლინა, თუმცა, საფრენი აპარატის შეკეთება მაინც აუცილებელი გახდა.
ამ დროისთვის Virgin Galactic-ის მომდევნო რეისებზე ბილეთები 600-მა ადამიანმა შეიძინა, ზოგიერთმა - ჯერ კიდევ 10 წლის წინ. ბილეთი 200 000 -250 000 დოლარი ღირს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოდრომებიდან, დასაწყისში კვირაში ერთხელ, პერსპექტივაში კი ყოველდღე ფრენას გეგმავს.
ამისთვის საჭიროა რაკეტების ფლოტი, თუმცა, დღეს კომპანიას მხოლოდ 1 ხომალდი აქვს. ბოლო რეისისთვის მის მომზადებას 50 დღე დასჭირდა. ასე რომ, რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური გეგმები რეალობისგან ჯერ ძალიან შორსაა.
ივლისის შემდეგ Virgin Galactic-ის აქციების ღირებულება თითქმის 58%-ით დაეცა, რის გამოც ბრენსონს თავისი წილიდან 300 მლნ. დოლარის აქციები გაყიდა, მიღებული თანხები კი კომპანიის განვითარებას მოხმარდა.
ექსპერტების აზრით, Virgin Galactic-ის ჩამოწერა ნაადრევია. მსგავსი პრობლემები დამახასიათებელია ყველა კერძო კოსმოსური კომპანიისთვის, რადგანაც ეს სრულიად ახალი ბიზნესია, რომელიც მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
სავარაუდოდ, ასეთი მერყეობა კერძო კოსმოსურ ინდუსტრიაში მინიმუმ კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.
ავტორი: თერნგიზ აბლოთია
წყარო: Forbes: