საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ გაითვალისწინებს პრემიერ გიორგი გახარიას რჩევას და აღმოაჩენს საქართველოს. მან ამის შესახებ მედიასთან ლოპოტას ტბაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიპლომატებს შეხვდა.
„ვიცი, რომ ამერიკელ ტურისტებს ძალიან უნდათ ჩამოსვლა, მეც აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს“, - აღნიშნა დეგნანმა.
მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს საქართველო ხსნის შიდა ტურიზმს. „ვფიქრობ, დიპლომატიური საზოგადოებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან იმ კვლევის შესახებ, რომელიც საქართველომ ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ხელახლა გახსნა უსაფრთხოდ და ჯანსაღი გზით ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, ისიამოვნებს იმ ყველაფრით, რასაც საქართველო სთავაზობს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩის განცხადებით, კრიზისი ადამიანებს აერთიანებს. პანდემია მისი საქართველოში ჩამოსვლის დღეს დაიწყო, რამაც აჩვენა მთელ მსოფლიოს როგორ ეხმარება აშშ საქართველოს.„ვფიქრობ, რომ რაც ვნახეთ, ეს ასევე გვაერთიანებს, ისე, როგორც ეს კრიზისს შეუძლია. ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთმანეთს ვეხმარებით გულუხვად და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ რა გველოდება წინ. ვიცი, რომ ამერიკელ ტურისტებს ძალიან უნდათ აქ ჩამოსვლა და მეც აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.