COVID-19-თან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ელჩი კელი დეგნანის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი. - აცხადებს ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge