კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და კაჭრეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად მოინახულა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
კახეთის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 6 ახალი შენობაა გახსნილი. ჯამში, რეგიონებში კი - სულ 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.