კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში სულ გადამუშავებულია 70 ათას ტონამდე ყურძენი: 51 ათასი ტონა „რქაწითელი“, 13 ათასი ტონა „საფერავი“, 1,5 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 273 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი ჩართულია 83 ღვინის საწარმო.
„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონაა.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც:
შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.