კახეთში ბავშვთა კვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. პროექტს ,რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებლი გიორგი ალადაშვილი უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საწარმოს ზუსტი ლოკაციის შერჩევის პროცესი. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტში ჯამში 2-3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხრციელდება.
დაგეგმილია, მურაბების, ხილფაფებისა და ხილის ჩირის წარმოება. როგორც ალადაშვილი აცხადებს, ნედლეულს საწარმო ადგილობრივი ფერმერისგან მიიღებს. „ამ ეტაპზე 2 ფერმერი უკვე აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ხილს, საწყის ეტაპზე სწორად მათგან მოხდება გადამუშავებისთვის საჭირო ნედლეულის მიღება.ქარხანა პირველ ნედლეულს წელსვე ჩაიბარებს, ეს იქნება სატესტო ნიმუშების წარმოება. სერიული წარმოება კი მომავალ წელს დაიწყება“-აცხადებს ალადაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ქარხნისთვის აუცილებელ მანქანა-დანადგარებს კომპანია იტალიიდან ჩამოიტანს, თუმცა აქცენტი Hand Made-ზე გაკეთდება და მხოლოდ ამგვარი პროდუქტი გავა ევროკავშირის ბაზარზე.
„საწარმო გამოუშვებს ეკოლოგიურად სუფთა ორი ტიპის პროდუქტს. ანუ, იქნება ორი ხაზი: Hand Made და ტექნოლოგიებით წარმოება, თუმცა, ხელით ნაწარმი იქნება უფრო ძვირი, ვიდრე მანქანა-დანადგარების მიერ წარმოებული. დაგეგმილია Hand Made-ის ნაწარმის ევროპის ბაზარზე გატანაც. მათ შორის, შვეიცარიაში“-აცხადებს ალადაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ბიოდინამიური მეურნეობა რამდენიმე წლის წინ აამოქმედა. მას 2 ჰექტარზე ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან გაშენებული აქვს ვენახი, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს და ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით წამლის.მევენახეობის გარდა, ახალგაზრდა მეწარმე მეცხოველეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მეფუტკრეობას მისდევს. ალადაშვილს კაკლის და თხილის პლანტაციებიც აქვს.