ბიზნესმენი, ბრენდული მაღაზიების მფლობელი კახა ხაზარაძე იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც ვალუტის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობით არის გამოწვეული.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რითეილერია და არა საბანკო საქმის ექსპერტი, იმის თქმა მაინც თამამად შეუძლია, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯები და რეგულაციები არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა.
„არ ვარ საბანკო სფეროს ექსპერტი. რითეილში ვარ. მაგრამ კურსთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ის რეგულაციები, რასაც ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში აკეთებს, მიუთითებს მათ არაპროფესიონალიზმზე და შესაბამისად, თავისუფლების ნაკლებობაზეც“, – აღნიშნავს კახა ხაზარაძე.
მისი განცხადებით, ინტერვენციების, მათი ანონსირების და საერთოდ განხორციელების პოლიტიკა. „მხოლოდ ის, რომ წინასწარ განაცხადო 20-40 მილიონი დოლარის გაყიდვაზე, ეგ კურსის სტაბილურობას და ინფლაციის მართვას ხელს არ შეუწყობს.
არანაირი სწორი გეგმა დ სტრატეგია არ არსებობს, სიტუაცია ერთდღიანი ნაბიჯებით არ უნდა რეგულირდებოდეს. გაცვლითი კურსის მერყეობა იგივე რითეილს და საერთოდ, მთელ ეკონომიკას პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ უარყოფითი ბალანსი გვაქვს, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს ნეგატიურად აისახება ფასებზე“, – მიაჩნია ხაზარაძეს.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“