თუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ განხილვა გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ, - ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ოპონენტებს მოუწოდა, რომ „სამუშაო რეჟიმზე“ გადავიდნენ.
„საკითხის განხილვა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, შემდეგაა პოლიტიკური განცხადებების ნაწილი. თუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ, სხდომას გავაჩერებ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ლამის ამ გადაწყვეტილების მიღების გზაზე. ერთადერთი, რაც გვსურს ესაა, დაისვას კითხვები, ეს იყო თქვენი მოთხოვნაც ოპოზიციის მხრიდან და საზოგადოებასაც აინტერესებს პასუხებიც და კითხვებიც, რასაც დასვამთ. თუ ჩვენ არ ვართ დღეს მზად, რომ დავსვათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები, სხდომას გადავდებ და შემდეგში ჩავატარებთ. ასეთი ფორმატით კითხვა-პასუხი და მათ შორის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მიღებული არ არის. პოლიტიკური პროტესტი იყო? - იყო, ახლა გადადით სამუშაო რეჟიმზე ან მოგვიწევს სხდომის გაჩერება“, - მიმართა კუჭავამ ოპოზიციონერებს.