კახა ჩარგეიშვილი: „დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემას სახელმწიფო ფინანსურ მმართველობაში არსებული ტოტალური უცოდინრობა წარმოადგენს“

კახა ჩარგეიშვილი: „დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემას სახელმწიფო ფინანსურ მმართველობაში არსებული ტოტალური უცოდინრობა წარმოადგენს“

person access_time2016-10-18 12:30:23

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი „კომერსანტთან" საქართველოში არსებულ საბანკო სისტემაზე საუბრობს.


ავტორის შესახებ - კახა ჩარგეიშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო საბანკო სფეროში. მისი კარიერა უკავშირდება გლობალურ ფინანსურ კომპანიებს: Citigroup, Bank of America, და Merrill Lynch. ის ასევე მართავდა BCS Global Investment Bank-ს, უმსხვილეს ევროპულ ფინანსურს ჯგუფს, რომელიც ახორციელებს 500 მილიარდ აშშ დოლარის ფინანსურ ოპერაციებს. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან ტელევიზიებში.



-საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ პროცესებს როგორ შეაფასებთ?


-გლობალური საბანკო და საფინანსო სისტემის უპრეცედენტო (2007-2008 წლები) კრიზისის შემდეგ მიმდინარე პროცესები განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ჯერ კიდევ დიდ პრობლემებს უქმნის. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნაა. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობაც, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ეგრეთ წოდებული Brexit-ია (ბრიტანელი ხალხის სურვილი, რომ ბრიუსელიდან მმართველობის ბერკეტები დაიბრუნონ). მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი შეფასებები გლობალური ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა, ჩემი შეფასება უფრო კონსერვატორულია. ამ ფონზე, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ბანკები სინქრონულად ატარებენ არაორდინალურ ქმედებებს ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის დასაძლევად, მოთხოვნის ხელოვნური ზრდისა და ფულის მიმოქცევის სისწრაფის ზრდის ხელშეწყობისთვის. ფინანსისტებისთვის ცხადია, რომ ეს პროცესები ურისკო კაპიტალის ღირებულების ცვლილებას გამოიწვევს, რაც ზეგავლენას მოახდენს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე, მათ შორის საქართველოზეც.


საქართველოში დიდი ხანია არ ვმოღვაწეობ, თუმცა, ჩემი სურვილია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში წარმატებას მიაღწიოს. დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სახელმწიფო ფინანსურ მმართველობაში არსებული ტოტალური უცოდინრობა წარმოადგენს, რაც საბანკო სექტორზე აისახება. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებულ ელემენტარულ კითხვებზე ზოგიერთი მინისტრი იმდენად არაადეკვატურ პასუხს სცემს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მათი კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა.



-არაპროფესიონალიზმის პრობლემა ბანკირებს ეხებათ, თუ მოსახლეობაც არ არის საბანკო სექტორში გათვიცნობიერებული?



-არაპროფესიონალიზმი ეხება სახელმწიფოს ფინანსურ მმართველობას. სახელმწიფო ვერ ახდენს საბანკო სისტემის რეგულაციას და ეს აძლევს საშუალებას ამ სუბიექტებს გააგრძელონ კანიბალური საქმიანობა, რაც აზარალებს მოსახლეობას.



- საქართველოს საბანკო სივრცეში ბოლო დროს მსხვილი გარიგება შედგა. კერძოდ, „თიბისი ბანკმა" „ბანკი რესპუბლიკა" იყიდა. თქვენი შეფასებით, რა პროცესებს გამოიწვევს ეს როგორც საქართველოს საბანკო სივრცეში, ისე ეკონომიკაში?



-საქართველოს კომერციული ბანკების ერთობლიობა ძალიან ჰგავს განვითარებადი ქვეყნების საბანკო სისტემას, მაგალითად აფრიკულს ან რუსულს. ქართული საბანკო სისტემა წარმოადგენს ლომბარდების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ ფულადი სახსრების არაეფექტურ გადანაწილებას მომხმარებლებისთვის კანიბალური ფასების დაწესებით. გარიგება, რომელზეც თქვენ მკითხეთ, დაასუსტებს კონკურენტუნარიანი სისტემის ეფექტურობას, მაგრამ მთავარი პრობლემა მმართველობით სისტემაშია.





-ბანკების გაერთიანება  კონკურენციას ხომ არ შეზღუდავს?



-საბანკო ბაზარი ლიმიტირებულია და მოგებას ნახულობს ფინანსური სახსრების იმ სატრანსფერო გადაადგილებაში, რაც განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია უფასოა მომხმარებლისთვის. ბანკების გაერთიანების შემდეგ ეს პროცესები გახდება ნაკლებად ეფექტური და კონკურენციაზეც ნეგატიურად იმოქმედებს.



-„თიბისი ჯგუფი" სადაზღვევო ბიზნესშიც შევიდა. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა კომპანია „კოპენბური" იყიდა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?



-კომერციული ბანკის სადაზღვევო ბიზნესში შესვლასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ფინანსური სახსრების მმართველი კომპანიის (ბანკის) და მისი კლიენტების ინტერესების ეფექტურ გამიჯვნას ახდენს. საქართველოში ასეთი საკანონდებლო ბაზა არაა სრულყოფილი და მომხმარებლის ხარჯზე ბანკების გამდიდრების უამრავი სისტემური სახის პრობლემა გვაქვს. სახელმწიფო ამას სწორ კლასიფიკაციას ვერ აძლევს, რადგან კომპეტენტური მენეჯმენტი არ ჰყავს.


საბანკო სისტემის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ფინანსური სახსრების და ლიკვიდურობის ეფექტური მართვა. ეს არის მხოლოდ ოპერაციული ფუნქცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. ამისთვის ბანკებს სჭირდებათ გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტები, ბანკთაშორის ლიკვიდურობის, გაცვლის, საპროცენტო განაკვეთებისა და სავალუტო ერთეულის მიმოქცევის ხელშეწყობისთვის. ამ მხრივ დღეს ვაკუუმია, ბაზარი ფრაგმენტულია და ეკონომიკა სტაგნაციაშია.



-თქვენ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ საბანკო სექტორში არსებულ არაკვალიფიციურობაზე. თუმცა, ბიზნესმენები ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას საჯარო მოხელეების არაკვალიფიცურობის პრობლემაც. გარდა ამისა, საკმაოდ მძაფრადაა ბიუროკრატია. ეთანხმებით თუ არა მათ და თქვენი აზრით, 4 წლის განმავლობაში ვითარება რატომ არ შეიცვალა?

 


-საჯარო სისტემაში როგორი ადამიანები მუშაობენ არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ უმაღლესი მმართველობის რგოლში ტოტალური უცოდინარობაა. აქვე დავძენ, რომ  მზად ვარ შევხვდე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებსა და კომერციული ბანკების აქციონერებს, რომ გავაცნო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს.



-წინა ხელისუფლების დროსაც ასეთი მდგომარეობა იყო?



-რა თქმა უნდა. კადრების პრობლემა ორი ათწლეულია, რაც გრძელდება. მე იმედი მქონდა, რომ ქართული ოცნება კვალიფიციური კადრების მობილიზებას შეძლებდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მათ ძირეული რეფორმა სჭირდებათ.



-ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 140 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორ თვლით, ეს ნაბიჯი სწორია?



-ლარის გაყიდვა თუ ყიდვა არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელსაც ეროვნული ბანკი უნდა ატარებდეს თავისი პოლიტიკის შესაბამისად. პრობლემა არის ის, რომ ლარის კურსის მართვას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზა და საბაზრო ინსტრუმენტები. დღეს ამაზე არავინ არ საუბრობს.



-უახლოეს მომავალში რა ნიშნულზე შეიძლება იყოს ლარი, პროგნოზს ვერ გააკეთებთ?



-ქვეყანაში არ არსებობს ლარის კურსის განმსაზღვრელი პოლიტიკა. შესაბამისად, ლარის კურსის პროგნოზი, ვინც არ უნდა გააკეთოს ის, ფინანსთა მინისტრი იქნება თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის სუბიექტური ნონსენსი და სპეკულირება. ზოგადად, საქართველოს დეფიციტური ეკონომიკის გადაფარვა ყოველთვის ლარის ინფლაციური ტენდენციებით ხდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელზე. რეტროსპექტრულად მე ვერ ვხედავ იმ პროცესებს, რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.



-ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ბანკი გაკოტრდა და დაიხურა. მაგალითად, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში. რა პროცესები მიდის მსოფლიოში და ხომ მოახდენს ეს გავლენას ჩვენს საბანკო სისტემაზე?



-საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერად არის კორელირებული მსოფლიოს ეკონომიკურ ტენდენციებთან და ამას სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა 2007 წლის კრიზისის შემდეგ გააძლიერეს თავისი პოზიციები სხვადასხვა სახის კაპიტალით. ახლა მიმდინარეობს ამ კაპიტალის თვისობრივი ცვლილება, რათა ბანკებმა ხელი შეუწყონ გლობალური ეკონომიკის ზრდას. ეს ვრცელი საუბრის თემაა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, უკრაინას და რუსეთს, ამ ქვეყნებში პრობლემები სპეციფიური. საქართველოში ბანკების გაკოტრების ტენდენცია არ შეინიშნება.

 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up