„კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს ბანკებს უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსებაში“ - ინტერვიუ ბაზისბანკის გენერალურ დირექტორთან

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს ბანკებს უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსებაში“ - ინტერვიუ ბაზისბანკის გენერალურ დირექტორთან

access_time2020-12-04 11:00:03

საბანკო სექტორის გამოწვევებზე, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ლარის გაუფასურების გავლენაზე, ჩინური კაპიტალის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „კომერსანტთან“ „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ ისაუბრა.


-რა არის დღეს მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოს საბანკო სექტორის წინაშე დგას და როგორ აპირებს „ბაზისბანკი“ გამოწვევებთან გამკლავებას?



ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ქართული საბანკო სისტემისთვისაც მთავარი გამოწვევა უდაოდ არის ეპიდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება ჰორეკა სექტორების ფუნქციონირების დროებით შეჩერებაში, შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობაში, სავალდებულო ხასიათის შეზღუდვებში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის კლებას.



ჩვენი ჰოლდინგის (ბანკი, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები), მიზანს წარმოადგენს ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენი მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სიღრმისეული შესწავლა და მათთან ერთად ამ რთული პერიოდის გადალახვა. ბაზისბანკის საქმიანობის 27 წლის მანძილზე, ჩვენ არაერთი კრიზისი და დაბრკოლება გადავლახეთ. ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სწორედ რთულ პერიოდში ბიზნესის მხარდაჭერა და სირთულეების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვა აყალიბებს საიმედო, პარტნიორულ ურთიერთობას. სწორედ ამ ბაზისზე შენდება გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.


-საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში, თუმცა საინტერესოა, თუ არსებობს ამ სექტორში რაიმე სახის სისტემური პრობლემა?


-საბედნიეროდ, საბანკო სექტორის განვითარებამ და განვლილი წლების, მათ შორის, 2008 წლის კრიზისის გამოცდილებამ, საბანკო სექტორში თავი მოუყარა საკმარის ცოდნას, თუ როგორ უნდა ვმართოთ ფინანსური ინსტიტუტები მინიმალური დანაკარგებით და ამავე დროს უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების, დეპოზიტარებისა და აქციონერების ინტერესების დაცვა. სექტორი საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ კრიზისს და საბედნიეროდ, არანაირი სისტემური ხასიათის პრობლემა დღეს არ გვაქვს.


ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა საბანკო სექტორისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?



მიმაჩნია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს ბანკებს უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსებაში. ბირჟის განვითარება გარკვეულწილად უწესებს მაღალ მოთხოვნებს მის წევრებს, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება გამართული კორპორაციული მართვის კულტურის დანერგვაში, ეს კი თავის მხრივ, უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის ბანკებისთვის მათთან თანამშრომლობას. რაც უფრო კარგად იქნება კაპიტალიზებული კომპანია და რაც მეტი წყარო ექნება ბიზნეს კაპიტალის მოსაზიდად, მით უფრო დაბალი იქნება მისი დაფინანსების რისკი.


-რამდენად არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში?



-მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს არა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არამედ ზომიერად კაპიტალიზებული და ფინანსურად გამართული პროექტების სიმცირე. თუკი პროექტი არ არის სათანადოდ მომზადებული, გათვლილი და არ არის საკმარისი თანხა ინვესტირებული დამფუძნებლების მხრიდან, ცხადია, რომ ის ბანკის ნდობას ვერ მოიპოვებს, რაც სამწუხაროდ, ხშირად ფასდება როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. რეალურად ეს გახლავთ შედეგი, ხოლო მიზეზი უფრო სიღრმისეულია. უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ შედეგზე, არამედ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც.



-არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული მიდგომა, რომლითაც covid 19-ის პირობებში უმკლავდებით კრიზისებს?


-რთულია რაიმე განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბარი, როდესაც საქმე ეხება მსოფლიო მასშტაბის პანდემიას, რომლის სრულფასოვნად მართვა და შედეგების პროგნოზირება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმაც კი ვერ შეძლეს. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ჰოლდინგის თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ისეთი გარემოს შექმნა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ბიზნესის უწყვეტი განვითარება და ჩვენი მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება. დღეს, ისე როგორც არასდროს, ნათელი გახდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საბანკო სექტორში. მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა დისტანციურ სერვისებზე, რაც უდაოდ გამოწვევაა ქართული ბანკებისთვის. ჩვენ წლებია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ციფრული არხების განვითარებაში. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი - ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ძალისხმევა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზების მხრივ.



-როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად უმკლავდება ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და როგორ შეაფასებდით მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (SWAP გარიგებები, კონსერვაციის ბუფერისა და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის გაუქმება, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება) კომერციული ბანკების დასახმარებლად?



-ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც ვხედავთ, რომ მუდმივად ხდება, როგორც ახალი რეგულაციების დაწესება, რაც ხშირ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების საბაბი ხდება ფართო საზოგადოებაში, ასევე, საჭიროების დროს ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა საკმარისი ლიკვიდობით და კაპიტალის ბუფერების დროებითი შემცირების გზით. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი გახლავთ ის, რომ ქართული საბანკო სისტემა არის გამორჩეული მთელ რეგიონში, როგორც სტაბილურობით, ასევე განვითარების მაღალი დონით.



-საერთაშორისო ბანკების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება, თქვენი აზრით რა არის ამის მთავარი მიზეზი?



-თითოეულ ქვეყანას და მათ შორის ქვეყნის საფინანსო სექტორს აქვს თავისი სპეციფიკა, რომლის გათვალისწინების გარეშე, რთულია წარმატების მიღწევა. საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან 14-ში აქციონერები არიან უცხოელი ინვესტორები, მათ შორის, ასევე გვხვდება მსხვილი ფინანსური ჯგუფებიც, რაც ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სექტორი მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისა და ბანკებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც გავიდნენ საქართველოს საბანკო სექტორიდან, თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა კონკრეტულად ჩვენი საბანკო სექტორიდან, არამედ გლობალურად რეგიონიდან გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საბანკო სექტორი, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონშიც გამოირჩევა განვითარების და საიმედოობის მაღალი მაჩვენებლებით, ჯამური აქტივებით მაინც საკმაოდ მცირე მასშტაბისაა და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც არ გვყავს ქვეყანაში ბევრი ევროპული თუ ამერიკული მსხვილი ბანკის შვილობილი სტრუქტურა.



-როგორია ლარის კურსის გაუფასურების გავლენა საბანკო სექტორზე და როგორია თქვენი შეფასება, რა იწვევს მის ასეთ რყევებს?



-იმ რეალობაში, როდესაც მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებლები, როდესაც ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია, ხოლო სესხების 45%-ზე ნაკლებია გაცემული ლარში, ცხადია, რომ ლარის კურსის მერყეობა და მისი გაუფასურება ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომხმარებლებზე. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ეროვნული ვალუტის მერყეობა გარდაუვალია, მნიშნელოვანია რომ ეროვნული ბანკის მხრიდან დროულად განხორციელდეს ინტერვენციები, როდესაც სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი რყევა, რომლის უკან არ იკვეთება კონკრეტული მაკროეკონომიკური მიზეზები. მიმდინარე ეტაპზე რყევების ძირითადი მიზეზი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ფაქტორებია, რომელთაც თან ახლავს გარკვეული პანიკური მოლოდინები, რაც ქმნის ზეწოლას გაცვლით კურსზე.



-ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. რამ გამოიწვია ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა?



-მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორმა შექმნა სესხების დანაკარგების უპრეცენდენტოდ მაღალი რეზერვი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაუარესების შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ზარალის გადაფარვას, რის ფარგლებშიც, ყველა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეზერვი. აღსანიშნავია, რომ ეს რეზერვი ეფუძნებოდა არა კონკრეტული კლიენტების შესწავლას და მათ ფინანსურ ანალიზს, არამედ სტრეს - სცენარს, რომლითაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება იყო ნავარაუდები. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, ჩვენ გავაანალიზეთ სასესხო პორტფელში შემავალი ყველა ბიზნესი და მათი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად მოვახდინეთ წინასწარ შექმნილი რეზერვების გადანაწილება. 10 თვის მდგომარეობით, ბაზისბანკი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ბანკთა შორის, რომლებმაც მოგებით დაასრულეს აღნიშნული პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ეფექტიან მართვას და ფინანსურ სიჯანსაღეს.



-ჩინური კაპიტალი „ბაზისბანკში“, რა გავლენას ახდენს ეს და არის თუ არა საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა თქვენი ბანკის ბიზნესს სესხებზე?



-უმსხვილესი კომპანიის - ჰუალინგ ჯგუფის წევრობა, პირველ რიგში ხაზს უსვამს ჩვენს ფინანსურ სიძლიერეს. მოგეხსენებათ, რომ ჯგუფს მხოლოდ საქართველოში ინვესტირებული აქვს 550 მლნ დოლარზე მეტი და დღესაც აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას ქართულ ეკონომიკაში. დღეის მდგომარეობით, ბანკის სასესხო პორტფელში სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც დაფუძნებულია ჩინური კაპიტალით, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საქართველოში, როგორც წესი, წარმოდგენილი არიან მსხვილი ჩინური კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მათ გააჩნიათ საკმაოდ დიდი კაპიტალიზაცია და არ საჭიროებენ ადგილობრივ ბაზარზე დაკრედიტებას. რაც შეეხება ბანკის როლს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაში, ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ უფრო მეტად ქართველი ბიზნესმენების მხარდამჭერებად, რომლებსაც უკვე აქვთ სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან ან სამომავლოდ გეგმავენ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს. ამ მიზნის ხელშესაწყობად, ჩვენ 2019 წლიდან დავიწყეთ ლიზინგის განვითარება, რაც ვფიქრობთ რომ ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ბიუჯეტური მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკის იმპორტს საქართველოში, რომელიც თავის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განსავითარებლად.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up