პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება, - აღნიშნულია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
„რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას. ლოგიკურია, თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებაც არ უნდა მიეცეს“, - აცხადებენ პროექტის ინიციატორები.
მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს.
ცვლილების ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
imedinews.ge