მსოფლიო ბანკის მიერ  “შავ სიაში“ შეყვანილ ჩინურ კომპანიას  მოსახლეობა სასამართლოში უჩივის, ხელისუფლებას კი მის მფარველობაში ადანაშაულებს

მსოფლიო ბანკის მიერ “შავ სიაში“ შეყვანილ ჩინურ კომპანიას მოსახლეობა სასამართლოში უჩივის, ხელისუფლებას კი მის მფარველობაში ადანაშაულებს

access_time2019-09-16 09:00:24


მსოფლიო ბანკის მიერ თაღლითობის ბრალდებით “შავ სიაში“ მოხვედრილ ჩინურ კომპანიას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი უკანონო მშენებლობის გამო საკუთრების მიტაცებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება შემოვლითი სარკინიგზო გზის  თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ მშენებლობას.



 “ჩინეთის რკინიგზის მუდმივმოქმედი 23-ე ბიუროს“  “თაღლითობის“ დეტალებს იურისტი ირაკლი ქველაძე  “კომერსანტს“ უყვება. 


„2010 წელს შევიძინე მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი უნდა ამეშენებინა. დაახლოებით 2 წლის  შემდეგ ჩინურმა კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩვენი, ადგილობრივი მოსახლეობის   საკუთრებიდან 7-10 მეტრის დაშორებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. იმ პერიოდში არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ამბის შესახებ გვიან გავიგე. ჩამოსვლის შემდეგ მოვახერხე გამეფორმებინა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება და მივიღე მინიმალური კომპენსაცია.  თუმცა, რეალური პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც კომპანიამ  სრულიად უკანონოდ  დაიწყო საავტომობილო გზის გაყვანა, კერძოდ ჩვენი დასახლების წინ დაადაბლა ტერიტორია, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა და შემოვლითი მისასვლელი ჩემი მიწის ნაკვეთის გავლით გააკეთეს.  მოკლედ, ჩემი და სხვა მეზობლების პირადი საკუთრება სრულიად უკანონოდ გამოიყენეს“.



როგორც  ირაკლი ქველაძე “კომერსანტს“ უყვება, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწყებული დავა „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსვლის შემდეგაც არ დასრულებულა. მეტიც, 2012 წლამდე „ოცნების“ მომავალი დეპუტატები, მხარდაჭერის სანაცვლოდ, დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდებოდნენ. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ირაკლი ქველაძე და არც მისი მეზობლები არავის გახსენებია.


დაზარალებულებმა დახმარებისთვის მიმართეს საქართველოს რკინიგზას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პროკურატურას. ბოლოს საქმე სასამართლომდეც მივიდა, მაგრამ მიუხედავად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს უკანონო ქმედებებისა და ცუდი რეპუტაციისა, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი საქმით რეალურად არ დაინტერესებულა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, პრობლემის მოგვარების ნაცვლად ყველა უწყებამ ხელი შეუშალა.


იურისტი  ყვება, რომ ჩინეთის რკინიგზის  23-ე ბიურომ თავისი სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაასრულა, დასახლების წინ გაავლო რკინიგზის ხაზი და მანქანის სავალი გზაც დააღრმავა. თუმცა,  ირაკლი ქველაძის მსგავსად  ცენტრალური გზამდე მისასვლელი კიდევ ბევრ ადგილობრივ მაცხოვრებელს არ აქვს. ზოგიერთის მიწის ნაკვეთი საერთოდ კუნძულად იქცა და იმისათვის, რომ დასახლებული პუნქტიდან გამოვიდნენ, მეზობლების  მიწის ფართობებზე უწევთ გადავლა.


ირაკლი ქველაძის თქმით, თავის დროზე ჩინური კომპანია მოსახლეობას არაფერზე შეთანხმებია, ამიტომაც ისე დააზიანა პირადი საკუთრება, რომ ამ პრობლემის მოგვარება უკვე შეუძლებელია.  


პირადი საკუთრების ხელყოფის გამო მოსახლეობა სამართლის საძებნელად უწყებიდან უწყებაში დადიოდა, თუმცა უშედეგოდ.  


„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეცადე თავად კომპანიასთან მომეგვარებინა პრობლემა და დავკავშირებოდი, მაგრამ ამაოდ. ეს დღემდე შეუძლებელია. შემდეგ წავედი საქართველოს რკინიგზაში, რადგან ჩინური კომპანია სწორედ მისი კონტრაქტორი პარტნიორია. უწყებამ ჩემი წერილი თარგმნა და გადაუგზავნა მეორე მხარეს, მაგრამ გაუგებარი პასუხი მოიწერეს. ფაქტობრივად, თავიდან მოიშორეს და მერე არც რკინიგზას უცდია მეტი არაფერი. შემდეგ მივმართე პოლიციას, თბილისის მერიას, ეკონომიკის სამინისტრის - საბოლოო პასუხი იყო ის, რომ ესაა სამოქალაქო დავა და უნდა მივმართო სასამართლოს“,  ამბობს იურისტი.



როგორც ირაკლი ქველაძე აღნიშნავს, ამ საქმეში კიდევ ერთი დეტალი გამოიკვეთა იმის გამო, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სარკინიგზო სამუშაოები განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტებში მოიაზრება, ასეთ შემთხვევაში სამშენებლო ნებართვას გასცემს არა დედაქალაქის მერია, არამედ ეკონომიკის სამინისტრო. ამ უკანაკსნელის მიერ მიღებულ პასუხში, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გაუგზავნეს აღნიშნულია, რომ უწყების მიერ დადგენილ სამშენებლო კორიდორში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ჩინურ კომპანიას არ ჰქონია სამშენებლო ნებართვა. ჩნდება საფუძვლიანი კითხვა:


თუ მშენებარე კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება სამშენებლო ნებართვა, მაგრამ მსგავსი დოკუმენტი არ მოეპოვება, არის თუ არა ეს კანონის დარღვევა და უნდა დაჯარიმდეს თუ არა ასეთ დროს კომპანია? - კითხულობს ირაკლი ქველაძე. 


„ამ ძალიან რთულ სიტუაციაში ორი მნიშვნელოვანი ამბავია: ერთი, რომ ცალსახად დარღვეულია საკუთრების უფლებები, რაც კერძო ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება. მეორე - საქმე გვაქვს მასშტაბურ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებთან. როდესაც არცერთი უწყება არ შეეცადა სიმართლე დაედგინა (მისი კომპეტენციის ფარგლებში) ბოლოს წავედი სასამართლოში. პირველ ინსტანციაში ჩემი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გავასაჩივრე და საბოლოოდ მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა. ამის შემდეგ მეორე მხარემ (ჩინურმა კომპანიამ)  ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, ოღონდ ისე, რომ არც შუამდგომლობა, არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და საერთოდ არაფერი წარმოუდგენია. ნაცვლად იმისა, რომ უზენაეს ეს გარემოება გაეთვალისწინებინა, საქმე წარმოებაში მაინც მიიღო როგორც განსაკუთრებით საინტერესო საქმე სასამართლოს განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს პრეცენდენტის წარდგენაა მნიშვნლოვანი, რაც ასევე არ მომხდარა. საბოლოოდ უზენაესმა გააუქმა სააპელაციოს გადაწყვეტილება და უკან დაუბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად. ეს მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ჯერ პროცესი არ ჩანიშნულა“.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ქველაძემ სამხარაულის ექსპერტიზას მიმართა. ბიურომ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ქველაძის პირად საკუთრების არ აქვს მისასვლელი გზა, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე ჰქონდა. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისასვლელი გზა ცენტრალურიდან დაშორებულია 7-დან 12 მეტრის სიმაღლეზე, რაც მანამდე არ იყო. ამით, დაზარალებულის საჩივარის მართებულობა სამხარაულის ექსპერტიზამაც დაადასტურა.



„მე მანამდე მქონდა კერძო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მხოლოდ ჩემი ზარალი შეადგენს 27 ათას დოლარს. მაგრამ რადგან უზენაეს სასამართლოში მხოლოდ სამხარაულის ბიუროს გადაწყვეტილებაა მიჩნეული რელევანტურად, ამიტომ ახლა ეს საბუთიც მოვიპოვე, რათა კიდევ ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი მქონოდა. აქვე იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ წლებია ეს დავა გრძელდება და ამასობაში მორალურის და ფიზიკურის გარდა მივიღე უდიდესი ფინანსური ზარალი. საბუთების მოძიება, სასამართლო პროცესი, ბაჟის გადასახადი (ჯამში 10 ათას ლარამდე) და ა.შ. მოხდა ისე, რომ მე იურისტი ვარ და გადავწყვიტე საქმე ბოლომდე მიმეყვანა, მაგრამ სხვა მაცხოვრებლები ამას ვერ ახერხებენ, რადგან დღეს სიმართლის დადგენა იმაზე ძვირი ჯდება,  ვიდრე წარმოგიდგენიათ. არადა „ქართული ოცნება“  სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2012 წელს გვპირდებოდა, რომ ამ პრობლემას მოგვიგვარებდა. ზაქარია ქუცნაშვილი შეგხვდა და აგვავსო იმედებით. მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, მაშინვე დაგვივიწყეს“.


გარდა ჩინეთის რკინიგზის მუდმივმოქმედი 23-ე ბიუროსი,  ირაკლი ქველაძე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ინსტიტუტებსაც აკისრებს.  მისი თქმით, როდესაც საქმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, კერძოდ უნებართვო მშენებლობას ეხება ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია დაინტერესდეს და საქმეში სამართალდამცველი სტრუქტურები ჩართოს. ასევე საქართველოს რკინიგზა ვალდებულია მისი კონტრაქტორ პარტნიორებთან მიმართებაში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მუშაობდეს. იცოდეს და აკვირდებოდეს, რას და როგორ აკეთებენ ინვესტორები. პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლოსაც, რომელიც არასწორ გადაწყვეტილებები იღებს და საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს:


„დღეს სასამართლო მოქალაქისთვის დაკეტილია და დავები განიხილება შენიღბული კანონის ფარგლებში, რასაც საფუძველად ვიღაცის თხოვნა ან ზარი უდევს. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი. სახელმწიფო ინსტიტუტების მთელი ეს გულგრილობა აუცილებლად მიანიშნებს კორუფციულ რისკებზე, რადგან კი არ გეხმარებიან, რომ პრობლემა მოაგვარო და სიმართლე დაადგინო, პირიქით, ხელს გიშლიან“,- აღნიშნავს ირაკლი ქველაძე.


დაკმაყოფილდება თუ არა ქველაძის  მოთხოვნა სასამართლოში და მიიღებენ თუ არა დაზარალებული საქართველოს მოქალქეები  კომპენსაციას მსოფლიო ბანკის მიერ “შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიისგან, ეს გაურკვეველია. მანამდე „კომერსანტი“ შეეცადა უშუალოდ სახელმწიფო უწყებების პოზიცია გაეგო:


დავუკავშირდით ყველას - დედაქალაქის მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზას:


საქართველოს რკინიგზა: „ეს პროექტი დაახლოებით 9 წლის წინ დაიწყო და მალევე დასრულდა. ახლა ის ადამიანები, ვინც მაშინ რკინიგზაში მუშაობდნენ და პასუხისმგებლები იყვნენ, ჩვენთან აღარ არიან. შეიძლება აღარც ის ჩინელები არიან იმ კომპანიაში და სხვებმა ჩაანაცვლეს. თანაც, ჩემს კონტრაქტორზე პასუხს არ ვაგებთ, მითუმეტეს 9 წლის წინანდელ ამბავზე. 9 წლის წინ რაღაც დავა დაიწყო რკინიგზასთან დაკავშირებით და ახლა რა უნდა გიპასუხოთ?!“


თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური: ჩვენ თავის დროზე გადავამისამართეთ ეს საქმე ეკონომიკის სამინისტროში, რადგან მათი პრეროგატივაა. ასევე აღვნიშნეთ, რომ სამოქალაქო დავაა და დაზარალებულს სასამართლოსთვის უნდა მიემართა. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლდო ამის თქმა შეგვიძლია“.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმის დეტალებს ამ დრომდე არკვევს. როგორც უწყებაში გვითხრეს, აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთებისთვის დრო სჭირდებათ. ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2019 წლის 12 ივნისს მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აეკრძალათ.


მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.


“ტენდერში განაცხადების წარდგენის პროცესში, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის სამმა შვილობილმა, მოამზადა და სატენდეროდ წარადგინა ინფორმაცია, რომელიც არასწორად ასახავდა დასაქმებულების, ტექნიკისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემის მიხედვით, აღნიშნული ქმედებები თაღლითურ პრაქტიკად არის მიჩნეული,” - წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.


სანქცია CRCC-ს, CR23-სა და CRCC International-ის, 730 აფილირებულ კომპანიაზე გავრცელდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი საქართველოს მთავრობის მიმდინარე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მონაკვეთი, რომელზეც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო მუშაობდა, მსოფლიო ბანკის 140-მილიონიანი კრედიტით ფინანსდება. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღი კი, ამ მდგომარეობით 2023 წლის 31 დეკემბერია.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებზეც მუშაობდა, მათ შორისაა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტი და თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ღირებულებაც $278 მილიონ დოლარს შეადგენს.


ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა.



სალომე ლემონჯავა






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up