საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა, რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები სატრანსპორტო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრობლემატურია გზებზე კანონის აღსრულება და ის პოლიციის მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს.
მნიშვნელოვანია,რომ კანონის აღსრულება უნდა იყოს გზაზე. პრაქტიკულად არ ვიცით, ვინ უნდა აღასრულოს კანონი. იდეაში საპატრულო პოლიციამ, თუმცა რომელ ერთზე უნდა მოახდინონ მათ რეაგირება? თამბაქოს მოხმარებიდან დაწყებული ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშ არის. კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს. ეს ფუნქცია შეიძლება ქონდეს მუნიციპალურ ან გარემოსდაცვის ინსპექციას , არსებობს გზის პირა ინსპექტორის ცნებაც.
სამწუხაროდ, არჩევნების წინა პერიოდში პოლიცია ლოიალური ხდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება. ვითომ მოგვწონს, მაგრამ შეიძლება ეს ლოალობა შატილის შემთხვევად დაგვიჯდეს. მჯერა, ტექინსპექტირება რომ გაევლო, ან ვერ გაევლო იმ მიკროავტობუსს, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა,- ამბობს დავით მესხისშვილი. როგორც მან გადაცემაში გზებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე ისაუბრა, არ ფუნქციონირებს კამერებიც. ამასთანავე, პრობლემურია ისიც,რომ ავტომობილის ინსპექტირების ისტორიას ინსპექტორი ვერ ხედავს. არსებობს ასევე არაერთგვაროვანი ინსპექტირების პრაქტიკაც.
ტექინსპექტირების რეფორმას მნიშვნელოვნად დავუჭირეთ მხარი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობამ. ამ რეფორმის მიზანი ნათელია, ერთი - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მეორე, საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება. რეალურად, ჩვენ სწორედ ამ მიზნებს დავუჭირეთ მხარი, თუმცა, რეფორმა როდესაც იწყება, ის ეტაპობრივად გრძელდება კიდეც და ვითარდება. ჩვენ ვართ ისევ საწყის ეტაპზე, სამწუხაროდ, არის ბარიერები,რომლებსაც ვერ ვლახავთ. პროცესი მიმდინარეობს ევროდირექტივების შესაბამისად, თუმცა ჯერ მხოლოდ 20%-ია დანერგილი.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა იმიტომ,რომ დაავადებები ავიცილოთ და შევამციროთ გამონაბოლქვი, რომელიც 1 მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება კატასტროფულად დამაზიანებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო, როდესაც მან იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. მიუხედავად, გადადგმული ნაბიჯებისა, პრობლემებია კანონის აღსრულებაში. მაგალითისთვის, მიმართავენ ერთჯერადი მანიპულაციებს,რომ ეს შეფერილი კვამლი დაფარონ.
ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო შედეგები. ევროკავშირში, რეფორმის პირველ წელს ავტომობილების მცირე რაოდენობა მიდის შემოწმებაზე, ხალხის მენტალური ცვლილებები ხდება ეტაპობრივად და რწმუნდებიან,რომ ეს არის პროცესი, რომელიც გეხმარება დაადგინო არის თუ არა შენი ავტომობილი უსაფრთხო. ეს რეფორმა მათრახი კი არ არის, ეს არის დახმარება, ჩვენთან პირიქით მოხდა, პირველივე წელს, 600 ათასს გადასცდა შემოწმებაზე მისული მანქანების რიცხვი, ხოლო ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე 30%-იანი შემცირება გვაქვს,- აღნიშნა მესხიშვილმა.
სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარი დამოკიდებულება კომპანიების მიმართ - დავით მესხიშვილი კომპანია გრინვეის პრივილეგიებით სარგებლობაზე საუბრობს.
მას არ ჰქონდა სამრეცხაოს დაფუძნების უფლება. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. გრინვეის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამინისტროსთან და როგორ შეიძლება, რომ კანონზე უპირატესი იყოს ხელშეკრულება. კანონი გვეუბნება,რომ უნდა იყოს ერთიანი მიდგომა, არ გამოვრიცხავ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპულ აკრედიტაციას მივმართოთ.
თბილისის მაცხოვრებლებისთვის ტექინსპექტირება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მაგალითად, ხულოს მცხოვრებლისთვის. ეკონომიკის სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები,რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რეგიონებში მაცხოვრებელი ხალხი ამ სერვისით და მათ თბილისში ჩამოსვლა არ უნდა უწევდეთ ტექინსპექტირებისთვის. ბიზნეს გარემოში ბინძური თამაშის პრინციპები შემოდის და ზინდება მოსახლეობა და რეფორმა,- განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ნათია კეკენაძე