გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი დაადანაშაულა ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში მას შემდეგ, რაც კომპანია Siemens Energy-ს ქარხანაში დაათვალიერა გარემონტების შემდეგ კანადიდან დაბრუნებული გაზის ტურბინა.
შოლცის თქმით, რუსეთს ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირების არანაირი ტექნიკური მიზეზი არ აქვს და მისი არგუმენტები ფაქტებით ახსნას არ ექვემდებარება. გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთი განზრახ აჭიანურებს ტურბინის უკან წაღებას.
Siemens Energy-ს ხელმძღვანელის, ქრისტიან ბრუხის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ტურბინა რუსეთში დაბრუნდეს, საჭიროა მხოლოდ კომპანია „გაზპრომის“ შესაბამისი განაცხადი. ბრუხის თქმით, ტურბინა რუსეთში გასაგზავნად მზად არის და „გაზპრომის“ მიერ პროცესის გაჭიანურება გაუგებარია. გერმანიის კანცლერ შოლცის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ტურბინას წაიღებს, მისგან გაზით მომარაგებაში ახალი პრობლემებისთვის უნდა მოემზადონ.
ივნისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა 40%-მდე შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპაში გაზის ტრანსპორტირება და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადა არ აბრუნებდა გარემონტებულ ტურბინას. კანადამ ტურბინა გერმანიას ივლისში გაუგზავნა, იმავე თვის ბოლოდან კი, რუსეთმა გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა და მიზეზად კიდევ ერთი ტურბინის გარემონტების აუცილებლობა დაასახელა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს მუშაობა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, თუმცა, ევროკომისიის განცხადებით, ამას წლები დასჭირდება.