უკრაინაში მდებარე რუსეთის ორ საკონსულოში მომუშავე დიპლომატებს ქვეყნიდან გასვლისთვის მომზადება უბრძანეს. ამის შესახებ The New York Times უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყარომ დააზუსტა, რომ 18-მა ადამიანმა, ძირითადად დიპლომატების მეუღლეებმა და შვილებმა, უკრაინა ჯერ კიდევ 5 იანვარს დატოვა. მისივე თქმით, კიევსა და ლვოვში მდებარე საკონსულოებიდან კიდევ 30 ადამიანის ევაკუაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება.
მანამდე, სამშაბათს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფის - კანადის სპეციალური ოპერაციების პოლკის ძალოვანთა ჯგუფი უკრაინაში გადაისროლა. ამის შესახებ Global News წერს.
სპეცრაზმის გადასროლის მიზეზი შეიძლება იყოს ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა. გამოცემის ცნობით, ძალოვნების მისია შეიძლება იყოს კანადელი დიპლომატების ევაკუაციის გეგმის შემუშავება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. კანადური პოლკის პრეს-მდივნის ემბერ ბინოს თქმით, მათი სპეცდანიშნულების რაზმები უკრაინაში 2020 წლიდან მუშაობენ და წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას აწვდის. როიტერის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადეს.
„გადავწყვიტეთ, უკრაინას მსუბუქი თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადავცეთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა პარლამენტში და დასძინა, რომ ბრიტანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს მოკლე სწავლებებს ჩაუტარებენ ამ შეიარაღების გამოსაყენებლად.
„ამჟამინდელი ბზარი საკმაოდ ღრმაა, მაგრამ არა გადაულახავი. იმედი მაქვს, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს. ახლა ჯერი პრეზიდენტ პუტინზეა“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათში ბრიტანული იარაღით დატვირთული მესამე სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი დაჯდა კიევის აეროპორტში.
უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების უპრეცედენტო მობილიზების ფონზე, რაც თვეებია გრძელდება, თავდაცვის მინისტრმა ალეკსეი რეზნიკოვმა აშშ-ს იმ შეიარაღების მიწოდება სთხოვა, რომელიც ავღანეთისთვის იყო გათვლილი.
ამერიკის ხელისუფლება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავს. დახმარების პაკეტში შეიძლება შევიდეს ახალი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin, ნაღმმტყორცნები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები „სტინგერი“.