თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარდა, თუმცა დეტალურ პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. პროექტზე მუშაობის შეფერხების მიზეზად თბილისის მერმა პანდემია დაასახელა.
"ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარებულია. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, რადგან პანდემიის პირობებში მოგვიწია ძალიან ბევრ პროექტზე უარის თქმა, რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. დამატებით ამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევიდან რაღაცებს ველოდებით, ციფრებს", - აცხადებს კახა კალაძე.
თუმცა, მანამდე, 2019 წლის 15 მაისს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტზე სამგორი-ლილოს და სამგორი - რუსთავის მიმართულებით, თბილისის მერიამ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, მოსამზადებელ სამუშაოებს კომპანია ALF consulting engineers-ი შეასრულებს.
მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. პროექტით, პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ "სამგორის" ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დაკავშირება იგეგმება. მეორე ეტაპზე კი, თბილისი-რუსთავის დაკავშირება.