წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.
გარდა ამისა, ივლისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ 7.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით ნაკლებია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის რეკორდული შემცირება აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ბრუნვის მოცულობა 32.8 %-ით შემცირდა.