„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს, “– „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რამდენიმე დღეში, სასოწარკვეთილმა „ქართულმა ოცნებამ, რომლის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში ვერ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე, ასეთი სტრატეგია აირჩია და პოლიტიკურ მოედანზე ივანიშვილი გამოჩნდა. 2018 წლის 5 ნოემბერს მან სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამომრჩევლებს სთხოვდა, მეორე ტურში სწორი არჩევანი გაეკეთებინათ. ივანიშვილი ამბობდა, რომ ესმის ადამიანების იმედგაცრუების და უკმაყოფილების.
ივანიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანაში მართლაც დაგროვდა პრობლემები, რაც ამომრჩევლების განაწყენების მიზეზი გახდა. „ახლა მთავარია, ხელისუფლებაზე, ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა საკუთარი მომავალი, ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ, – ამის შესახებ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისაუბრა.
მან გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის მზად იყო თავად წასულიყო პარტიის წინააღმდეგ, თუ დაინახავდა, რომ გუნდი არ ემსახურება ხალხს....
ივანიშვილმა მაშინ ხაზი რისკებს და შეცდომასაც გაუსვა:
- ქვეყანა დგას „მოძალადე რეჟიმის“ დაბრუნების საფრთხის წინაშე და ეს განსაცდელი „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა;
- ოპონენტების განზრახვა, გაათავისუფლონ ცალკეული ბრალდებული პირები, დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველია;
- ხელისუფლება დაშორდა ხალხს და დაკარგა ნდობა;
- ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება სიდუხჭირე;
- არ აღდგა სამართლიანობა;
- ზოგიერთი მოხელე ხალხის ნაცვლად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.
როგორ აპირებდა ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის გადარჩენას:
- რადიკალურად უნდა გადაიხედოს პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები;
- სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები;
- მართვის ყველა ხარვეზის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამისთვის იგი ერთ წელს ითხოვდა.
რა მოხდა ამ ერთ წელიწადში, სად არის ქვეყანა ახლა და რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა?
სატელევიზიო ეთერში პოლიტიკოსები განვლილი ერთ წელს აფასებენ:
დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე: „მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც გვაოცებს. ქვეყანას ძალიან ბევრ ხიფათს უქმნის, ამიტომ ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ ის რომ ყოველი მისი გამოსვლა არის საკმაოდ დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. მივიღეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად ხალხთან დაპირისპირებულია. მივიღეთ ის მინისტრები, რომლებიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენენ ქვეყნის მასშტაბით და არიან კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები. და ერთი წლის თავზე მივიღეთ ისიც, რომ ივანიშვილიც პრაქტიკულად მოსახლეობასთან დაშორებულია და აღარ ესმის მათი. ერთი წლის წინ გაიგო, რომ მას არ ჰქონდა ის ძალაუფლება რომელიც მას გააჩნდა 2013, 2014, 2015 წლებში და ამიტომ მას მოუწია თხოვნა, ამ თხოვნას მოსახლეობა მიჰყვა და დაუჭირა მას მხარი, მაგრამ თხოვნა შეიძლება ადამიანებმა დაუკმაყოფილონ ერთხელ და დღეს უკვე ირიბად თუ პირდაპირ თვითონაც აღიარებს რომ არ გამოუვიდა არაფერი“.
დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე: „ბიძინა ივანიშვილი ამას სხვაგვარად უყურებს, მას მიაჩნია, რომ უნდა იყოს გაძლიერებული სრული ვერტიკალი, იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ემორჩილებოდეს ამ მწვერვალს, ხელისუფლების სათავეს ანუ მას. მე პირადად და ბევრ ჩემ მეგობარს მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დემოკრატიული ცენტრალიზმი და დემოკრატიული მმართველობა შეიძლება იყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი, მის მიმართ პრეტენზიები, როგორც ქველმოქმედის და ქვეყნის შვილის მიმართ რა თქმა უნდა არცერთ ეტაპზე არ მქონია, მაგრამ ქვეყნის მმართველობის სტილი და გაგება არის რადიკალურად განსხვავებული“.
დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი: „ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე აღარ აქვს უკვე განახლების რესურსი. რაც შეეხება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მის დაპირებას - ეს დარჩა სიტყვებად, გამომდინარე იქედან, რომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვა უფრო ქმედითი ნაბიჯები სჭირდება, მაგალითად ისეთი რომელსაც მე ვთავაზობ. ქვეყანაში სადაც განსაზღვრულია საარსებო მინიმუმი ზრდასრულ ადამიანზე 149 ლარი, იქ სოციალური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება“.
დეპუტატი, რომან კაკულია: „ბიძინა ივანიშვისლ ოქროს სასახლეები რომ დაედგა ოპოზიცია მაინც იტყოდა, რომ ეს ოქრო არ არის და ეს ნახშირია. ამიტომ დროთა განმავლობაში მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ როცა ადამიანები გიწოდებენ ქვეყნის მოღალატეებს, პრორუსულებს და ასეთ უკიდურესობებში გადადიან, მათთან დისკუსიაში შესვლას სამწუხაროდ აზრი აღარ აქვს“.
დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი: „ცვლილებები არის ქვეყანაში, ხდება კადრების ოპტიმიზაცია, ასევე ცვლილებებია სამთავრობო სტრუქტურებში, ვემზადებით საარჩევნოდ. ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებებია“.
გრიგოლ ვაშაძე: „მთავრობა ამბობდა პენსიონერებს და ვეტერანებს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა დავუბრუნოთ და დახმარება უნდა გავუზარდოთო. შედეგი- პენსია წამლებს აღარ ჰყოფნის და ვეტერანებს დახმარება 22 ლარამდე ჩამოუწიეს. 54%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სახელმწიფოს ფაქტიურად ეკონომიკა აღარ აქვს“.
თბილისის მერი კახა კალაძე: „ ვფიქრობ ხედავთ თქვენ იმ ცვლილებებს, რომლებიც ხორციელდება. ჩვენ გვყავს ახალი ხელისუფლება, ახალი პრემიერი და განახლებული მინისტრთა კაბინეტი. არის სერიოზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ იმ შემართებით და იმ სულისკვეთებით ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყანაში არსებობს.
დეპუტატი გია ვოლსკი: „მეტი კოორდინაციაა გუნდში, უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდა, საკმაოდ ინტელეტუალური ახალგაზრდები არიან ჩართული სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩართული ტაიმერი გრძელდება.
„კომერსანტი“