თვითდასაქმებულების ბევრი ჯგუფი არსებობს. ზოგიერთი მათგანი შედარებით იოლი საპოვნელია და დადასტურებადია და აქ ნაწილი არის მცირე მეწარმეები, რომელთაც სხვადასხვა ტიპის სტატუსი აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი რეესტრი. „მათ პრაქტიკულად მოთხოვნა უნდა წარმოადგინონ. ჩენ ვნახავთ, ჰქონდათ თუ არა პირველი აპრილის მდგომარეობით რამე ტიპის დეკლარაცია შევსებული. თუ არ ჰქონდათ შევსებული ვნახავთ რამე ტიპის მოძრაობა თუ ჰქონდათ და რამე ქვითარი ამორტყმული და ამას ჩავუთვლით, რომ იყო ეკონომიკური აქტივობა და მივცემთ იმ ერთჯერად დახმარებას. ამავდროულად დღეს ისაუბრეს, რომ 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც აქვს სოციალურად დაუცველს მათი დახმარებაც იქნება და მათი ნაწილი თვითდასაქმებულიც იყო და ამიტომ 65 000 ზღვარში ვერ ხვდებოდა, ამიტომ ამ არხიდან ვუპასუხებთ. არის ისეთი არხები რომლებიც იოლად არ იდენტიფიცირდებიან. მაგალითად მეწარმე, რომელსაც არ ჰქონდა სტატუსი, მაგრამ ბაზრობაზე ვაჭრობდა და იხდიდა ფიქსირებულ გადასახადს. ამ შემთხევაში, ბაზრობის იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი საბუთი შენატანის შესახებ იქნება საკმარისი ერთჯერადი დახმარების მისაღებად“- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.