იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის, სკოლების ადმინისტრაციების დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენი ძირითადი სამიზნე პედაგოგები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის დამოკიდებულება ვაქცინაციაზე. წარმოუდგენელია, მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე შედის, იყოს არავაქცინირებული და მოსწავლეებისთვის რისკის შემქმნელი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მასწავლებელთა იმუნიზაციის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის საინფორმაციო კამპანია გრძელდება. COVID-19-ის საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პედაგოგები ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე მიმდებარე სოფლების სკოლებიდან. ამ დროისთვის, სრულად აცრილ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9-დან 70%-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 644-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 097159 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 814 097 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 755 229, გარდაიცვალა 11 553 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge