იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯერჯერობით სტაციონარული საწოლების რესურსი საკმარისია კორონავირუსის შემთხვევების მართვისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არსებობს რისკი, ქვეყანა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც აგვისტოს ბოლოს არსებობდა.
„აგვისტოს ბოლოს, როცა ქვეყანაში 450 თავისუფალი საწოლი იყო დარჩენილი, მიღებული იყო გადაწყვეტილება საველე ჰოსპიტლების გახსნის შესახებ. ეს რისკი ახლა ასევე რეალურია. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში არ შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი და არ ჩამოვიდა თუნდაც სამი ათასის ქვემოთ, ალბათობა იმისა, რომ ქვეყანას ისევ დასჭირდეს საველე ჰოსპიტლის გახსნა, სამწუხაროდ, არის რეალური. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და აუცილებლად უნდა იყოს განხილული, როგორც ერთ-ერთი სარეზერვო ვარიანტი, რომ შეიძლება, საქართველო ისევ დარჩეს საკმარისი რაოდენობის ჰოსპიტალური საწოლების გარეშე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სამოც წელს გადაცილებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ იმუნიზაციის ცენტრებს.
„რაც შეეხება იმას, არის თუ არა რაიმე დამატებითი ღონისძიება მისაღები, მაინც დაველოდოთ ნოემბრის ბოლოს. ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი აქტიურობა იქნება სამოც წელს გადაცილებული ადამიანებისგან, რაც მართლაც ასეა. სამოც წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ იმუნიზაციის ცენტრებს, მნიშვნელოვანად არის გაზრდილი. არა ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით და როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ მაინც თითქმის გაორმაგებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იცრებიან ყოველდღიურად. თუ წინა კვირას ეს ციფრი ორი-სამი ათასის ფარგლებში იყო, ახლა შვიდი, რვა ათასია. უფრო მეტია, ვიდრე იყო, მაგრამ დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ჩვენ დღეს გვჭირდება ყოველდღიურად 25 ათასი ვაქცინირებული და არა რვა, ათი ათასი. ამიტომ რესურსიც ჯერჯერობით ბოლომდე გამოყენებული არ არის და შესაძლებელია, რომ მომდევნო კვირას ეს ცვლილებები იყოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ნათლად წერია, რომ პანდემიის დაწყებიდან პირველ ოქტომბრამდე გარდაცვლილი ადამიანების 98,9 პროცენტი იყო არავაქცინირებული. არამგონია, რომ საჭირო იყოს ამაზე მეტი დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა არის გარდაცვალებისგან თავის დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა, თუმცა ბევრ ადამიანს ამ ციფრებისაც არ სჯერა. ყოველი ასი ბავშვიდან ცხრა ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი არ იყო შარშან და ინფიცირებულთა რაოდენობაშიც ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი ასი ინფიცირებულიდან ოცი არის ბავშვი. გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
1tv.ge