მწვანე პასპორტის მოქმედება რაც უფრო მეტ ობიექტზე გავრცელდება, მით უფრო ეფექტიანი იქნება ეს ღონისძიება, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება. „ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ობიექტების პირველადი შეფასება, მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შესაძლებელია ამ ობიექტების სია გაფართოვდეს. დეტალურადაა ნაჩვენები, რომ იმ ქვეყნებში სადაც მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. ჩვენც ველოდებით იმუნიზაციის მაჩვენებლის ზრდას, კარგი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ადრე ყოფილიყო მიღებული,“- აღნიშნა ჩხაიძემ.
ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
imedinews.ge