ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პროცენტული შეცვლილია. თუ 2020 წელს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 5-7% იყო, დღეს ბავშვების ხვედრითი წილი 15 პროცენტია, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი. ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი სერიოზული და აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პანდემიის კონტროლის გზაზე“, განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 775 826 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა708 820, გარდაიცვალა 10 816 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge