იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას უკავშირდება.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „სამუშაო ჯგუფის ვადად განსაზღვრულია 29 ნოემბერი, ხოლო კანონპროექტის ინიცირების ვადად განსაზღვრულია 5 ოქტომბერი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კომიტეტი გაეცნო კანონმდებლობის უკრაინულ მოდელს.
„ერთი ერთში გადმოგვაქვს ის მოდელი, რომელიც უკრაინაშია მიღებული. ობიექტური საფუძველი გახლავთ ის, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითადაა შეფასებული ეს მოდელი, ვინაიდან უკრაინის მიმართ გაიცა რეკომენდაცია, იმპლემენტაცია მოხდეს ამ კანონის. თუკი უკრაინაში ეს პრინციპები პოზიტიურადაა შეფასებული, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებითაც იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროპულ სტრუქტურებს. ასევე ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი ეს დოკუმენტი დასკვნისთვის. არაფერი შევცვალეთ ამ მოდელში, რადგან ვენეციის კომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული დასკვნა, პრაქტიკულად, პირდაპირპროპორციულად შესაძლებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტზე მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებზე გაგრძელდება.
კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას მხარი დაუჭირა.