კორონავირუსი იტალიის ტერიტორიის მხოლოდ 0,05%-ზეა გავრცელებული და რიგი ქვეყნების მოწოდებები, რომ თავიანთამა მოქალაქეებმა თავი შეიაკავონ იტალიაში გამგზავრებისგან, გაუმართლებელია.
ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„იტალიაში კორონავირუსის ორი ლოკალური ეპიცენტრია გამოვლენილი: ლომბარდიასა და ვენეტოში, რაც იტალიის ტერიტორიის 0,05%-ს შეადგენს, ხოლო კორონავირუსის ეპიცენტრის ტერიტორიაზე იტალიის მოსახლეობის 0,089% ცხოვრობს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან გამჭვირვალედ მოქმედებდა.
„კორონავირუსის გავრცელების მხოლოდ ორი კერაა. ვენეტოს რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 0,2%-შია ვირუსი გავრცელებული, ხოლო, რაც შეეხება ლომბარდიის რეგიონს, იქ ვირუსი რეგიონის ტერიტორიის 0,5%-შია მოდებული. ანუ, ამჟამად იტალიაში 60-მილიონიანი მოსახლეობიდან კარანტინი 40-50 ათას ადამიანს შეეხო“, - აღნიშნა მინისტრმა.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
„ეპიდემიის რისკიდან ინფოდემიის რისკზე გადავედით“, - განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.
imedinews