იტალიაში „კოვიდ პასპორტი“ სავალდებულო ხდება. იტალიის მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის ცნობით, კანონი ძალაში 15 ოქტომბრიდან შევა, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დასაქმებულებს სამსახურის დატოვება მოუწევთ.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას თქმით, ახალი ზომები კოვიდ უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა, დაგვეხმარება ვაქცინაციის კამპანიის წინსვლაში,“- აღნიშნა მან.
როგორც ირკვევა, „მწვანე სერთიფიკატების“ წარდგენის გარეშე, ბიზნესი და პერსონალი შესაძლოა, 1 500 ევრომდე დაჯარიმდეს.
იტალიელთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდამჭერთა რიცხვი უფრო მეტია. ამასთანავე, იტალიელთა 65% უკვე სრულად ვაქცინირებულია.
ცნობისთვის, იტალიაში, ციფრული და წერილობითი ფორმით Covid-19 ის „მწვანე საშვი“, მეტროს სადგურებზე, კინოთეატრებში, რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე მოქმედებს, ხოლო 15 ოქტომბრიდან არსებულ რეგულაციებს სავალდებულო „კოვიდ სერთიფიკატებიც“ დაემატება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულაციების დარღვევის გამო იტალიაში ზოგიერთი ადამიანი შემოსავლის გარეშეც დარჩა, მათ შორის მასწავლებლებიც, რომლებსაც „კოვიდ აბონიმენტი“ არ ჰქონდათ.
იტალიის მთავრობის ცნობით, „კოვიდ პასპორტებთან“ დაკავშირებული მოთხოვნები ყველა სამუშაო ადგილზე გავრცელდება, თვითდასაქმებულთა ჩათვლით.
bpn.ge