თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა.
იერუსალიმის მერმა კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ქალაქებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყოს ხელი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის სურვილი გამოხატეს.
კახა კალაძემ იერუსალიმის მერს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით, იერუსალიმის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ თბილისში, ივნისში ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრით გააჩნია. ასევე, მათ შევთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ისრაელში ბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისის მერის ვიზიტი პოზიტიურად შეაფასეს და საქართველოში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.