საქართველოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილი საკარანტინო ზონიდან გარბის, რის შემდეგაც საჭირო ხდება პატრულის დახმარებით, მათი იძულებით დაბრუნება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფსიქოლოგიური სტრესის გადატანით ხსნის.
„მიზეზები მათ უნდა ჰკითხოთ. ფსიქოლოგიურად არ არის ადვილი, მაგრამ უნდა გააცნობიერონ, რომ პირველ რიგში საფრთხე არიან თავიანთი ახლობლებისათვის. სამწუხარო მაგალითები უკვე გვაქვს," - აღნიშნა იმნაძემ „რეზონანსთან".
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56 პირი რჩება.
შეგახსნენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
გაზეთი რეზონანსი