ISET  - საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე შემცირდა - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ აქვს

ISET - საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე შემცირდა - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ აქვს

access_time2019-07-04 13:30:40


ელექტროენერგიის ბაზრის შეფასება „გავრილოვის ეფექტის“ ჭრილში — ამ თემაზე  ISET -მა კველავა ჩაატარა და დაასკვნა — რუსეთის ამჟამინდელი გავლენა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე უმნიშვნელოა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესება არ არის სასურველი, მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები ელექტროენერგიის ბაზარსა და საქართველოს ეკონომიკაზე დრამატული არ უნდა იყოს.



კვლევას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: 


გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უკვე განიხილა ამ ცვლილების სავარაუდო შედეგები და მიიჩნია, რომ ეს მღელვარება, შესაძლოა, საფუძველს იყოს მოკლებული, რადგან ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.6%-ს შეადგენს, რუსული ტურიზმის წილი ეკონომიკაში კი მხოლოდ 1.8%-ს აღწევს.


ჩვენს სტატიაში რუსულ-ქართული ურთიერთობის გამწვავებას სხვა ჭრილში განვიხილავთ; კერძოდ, მის ფარულ გავლენას ელექტროენერგიის ბაზარზე. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორიდან წმინდა იმპორტიორ ქვეყნად იქცა, ვინაიდან ექსპორტი მუდმივად იკლებდა, იმპორტი კი იზრდებოდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იმპორტის მხრიდანაა მოსალოდნელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი იმ თბოელექტროსადგურებზე მოდის, რომლებიც იმპორტირებულ გაზს მოიხმარს. ამიტომ ელექტროენერგიის სექტორის მოწყვლადობის შეფასება გაუარესებული რუსულ-ქართული ურთიერთობების გავლენის შედეგად უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა იმპორტის ნაწილზე, რაც ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის წყაროების სრულფასოვნად შესწავლას გულისხმობს. თუმცა იმისათვის, რომ მიმოხილვა რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს, მოკლედ შევეხებით ელექტროენერგიის ექსპორტის უკანასკნელ ტენდენციებსაც.


პირველი გრაფიკიდან ჩანს, რომ ქვეყნის შიგნით გამომუშავებულ განახლებად რესურსებს ისტორიულად ელექტროენერგიის მიწოდებაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, იმპორტისა და თბოელექტროსადგურების გამომუშავება კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს ელექტროენერგიის ბაზარზე. ამიტომ ელექტროენერგიის ამ წყაროების ტენდენციების დეტალურად დახასიათებაც საჭიროა.



გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მთლიანი შიდა მიწოდება, წყაროების მიხედვით


საქართველოს ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის ოთხი ძირითადი პარტნიორი ჰყავს: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. საქართველოს ბაზრის ყველაზე დიდი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანი არიან; საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას კი, ძირითადად, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი იძენენ.



2007-2017 წლებში ელექტროენერგიის მთლიანმა იმპორტმა 6 598 მილიონი კვტ.სთ. შეადგინა, რაც მთლიანი მიწოდების 6%- იყო. ამასთან, ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის საშუალოდ 76% რუსეთიდან მოდიოდა, 18% – აზერბაიჯანიდან, დანარჩენ 6%-ს კი თურქეთი და სომხეთი ინაწილებდნენ. 2007-2017 წლებში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი მიწოდება საშუალოდ 4%-ს, ხოლო აზერბაიჯანიდან 1%-ს შეადგენდა. 2017 წლამდე ეს მონაცემები რუსეთზე დამოკიდებულებაზე მიუთითებდა; თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის შიდა გამომუშავება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იყო.


გრაფიკი 2. მთლიანი იმპორტი, პარტნიორი ქვეყნების მიხედვით


სურათი საკმაოდ განსხვავებულია (ტენდენციის ცვლილება, როგორც ჩანს, 2017 წლიდან დაიწყო) უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე (2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე). მეორე გრაფიკიდან ჩანს, რომ ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტი ერთ წელიწადში 1 537 მილიონ კვტ.სთ-მდე გაიზარდა და მთლიანი მიწოდების 12% შეადგინა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მთლიანი იმპორტის 82%, ხოლო მთლიანი მიწოდების 10% აზერბაიჯანზე მოდიოდა. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას, მან 250 მილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც იმპორტული ელექტროენერგიის 16% და მთლიანი მიწოდების 2%-ია (2007-დან 2017 წლამდე ის 4%-ს აღწევდა). ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან რესურსებში პროპორციულად გაიზარდა, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე შემცირდა.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ელექტროენერგიის კიდევ ერთ მოწყვლად სექტორს თბოელექტროსადგურების გამომუშავებისთვის იმპორტირებული გაზის სექტორი წარმოადგენს. ისტორიულად, როგორც პირველ გრაფიკზეა ნაჩვენები, თბოელექტროსადგურების გამომუშავება ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 19%-ს ფარავდა (უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე). თუმცა მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. უახლესი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი აირის მხოლოდ 0.2% მოდის რუსეთიდან („გაზპრომთან“ კონტრაქტის საფუძველზე), იმპორტის დანარჩენი წილი კი აზერბაიჯანსა და სხვა წყაროებს ეკუთვნის.


შესაბამისად, მთლიანობაში, ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის მხრივ, ელექტროენერგიის განახლებადი ენერგიის (ძირითადად, წყლის) წყაროების სიჭარბიდან და იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთზე დამოკიდებულება აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა, რუსულ-ქართული ურთიერთობებით გამოწვეული საფრთხე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორისათვის საკმაოდ მწირია. ფაქტობრივად, ელექტროენერგიის მთლიან მიწოდებაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი (პირდაპირი იმპორტისა და რუსული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩათვლით) 3%-საც ვერ აღწევს.


თუმცა ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ აქვს. რუსეთისგან ჩამოშორებამ გაზარდა დამოკიდებულება აზერბაიჯანზე, რისი გრძელვადიანი შედეგებიც ამ ეტაპზე ბუნდოვანია. გონივრული ენერგოპოლიტიკა იმპორტის წყაროების – როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის – დივერსიფიკაციას (და გაფართოებას) გულისხმობს. ამასთან, საჭიროა თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობა ენერგიის (და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის) ადგილობრივ წყაროებში ინვესტიციების გაზრდის გზით.


რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს ექსპორტი რუსეთში თანდათან იკლებს. 2007-2017 წლებში, ელექტროენერგიის ექსპორტმა 7 938 მლნ. კვტ. სთ შეადგინა (საშუალოდ, 721.6 მლნ. კვტ.სთ. წელიწადში). საშუალოდ, ექსპორტის 54% რუსეთში გადიოდა, 32% – თურქეთში, დანარჩენი 15% კი – სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე, საქართველოს ექსპორტმა 461 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა; აქედან 64% თურქეთს, 15% აზერბაიჯანს და მხოლოდ 21% რუსეთს ეკუთვნის. საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტის წილმა ექსპორტის მთლიან ღირებულებაში ლარის ერთეულში პიკს 2010 წელს მიაღწია და 2%-ს შეადგენდა, 2018 წელს კი მხოლოდ 0.6%-მდე იყო.


გრაფიკი 3. მთლიანი ექსპორტი, პარტნიორი ქვეყნების მიხედვით


შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთში ექსპორტის შემცირებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი (კიდევ უფრო მცირე, ვიდრე იმპორტის შემთხვევაში) ეფექტი იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე. უმთავრეს მოსალოდნელ ხარჯებს ორმხრივად ხელსაყრელი ინიციატივების დაკარგული ალტერნატიული შესაძლებლობები წარმოადგენს; ასეთია, მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორში ინტეგრაციის გაზრდა მეზობელ ქვეყნებთან. სულ რაღაც ერთი თვის წინ შედგა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გადამცემი სისტემების ოპერატორებს შორის, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ელექტროენერგიის სისტემების კომბინაციის გზით ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობა და, შესაბამისად, თითოეული ქვეყნისათვის მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაზრდა. თუმცა ასეთი ინიციატივები უკანასკნელი მოვლენების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა. 


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ამჟამინდელი გავლენა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე უმნიშვნელოა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესება არ არის სასურველი, მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები ელექტროენერგიის ბაზარსა და საქართველოს ეკონომიკაზე დრამატული არ უნდა იყოს. ასევე, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს ახასიათებს, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ქვეყნის შიდა გამომუშავების შესაძლებლობებში მუდმივი ინვესტიცია (აქცენტი განახლებად წყაროებზე), ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია და  რეგიონულ დონეზე ორმხრივად მომგებიანი ერთობლივი ინიციატივები .










ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up