ირინა მილორავა: დღის და ღამის ტარიფები უფრო სწორი იქნება დღევანდელი სისტემისთვის

ირინა მილორავა: დღის და ღამის ტარიფები უფრო სწორი იქნება დღევანდელი სისტემისთვის

access_time2016-11-02 19:30:51


რას ნიშნავს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება? რას მოუტანს ეს ქვეყანას? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ რადიო „კომერსანტის" გადაცემა „პროფესიონალებში" ისაუბრა.

 

 

-საქართველო გაწევრიანდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში, იქნებ განვმარტოთ ამ მოვლენის მნიშვნელობა, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი ან რა გავლენა ექნება ამას ენერგეტიკულ ბიზნესში?

 

 

- ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა ელექტროენერგიის განვითარების თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ენერგეტიკული თანამეგობრობის კანდიდატი ქვეყანა, ვემზადებოდით წევრობისთვის და ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია მივიღოთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც წევრი სახელმწიფოები იღებენ. პირველ რიგში სარგებელთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველად გარდაქმნა უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ ოქმზე ხელმოწერით ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ სრულიად გარდავქმნით ენერგეტიკულ სექტორს, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით. ასევე, თამაშის წესებს, რომლებსაც დავამკვიდრებთ როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე გავხდით ნათელს, გამჭირვალეს, კონკურენტულს და შესაბამისად მისაღებს ინვესტორებისთვის. ზოგადად ეს მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაცია არის ძალიან კარგი სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის. ინვესტორი, რომელიც გეგმავს საქართველოში საქმიანობას, როცა იგებს რომ აქ არის იმპლემენტირებული მესამე ენერგეტიკული პაკეტი, თავისთავად მან უკვე იცის, რა თამაშის წესებში მოუწევს შესვლა. მესამე ენერგეტიკულ პაკეტს როცა ვახსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინვესტიციების ხელშეწყობას, საბითუმო და საცალო ბაზრის ლიბერალიზაციას, არამედ ერთ-ერთი მთავრი მიზანი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული სამუშაო გვექნება.

 

 

 

- როგორც აღნიშნეთ, ძალიან ბევრი დებულების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს ჩვენს კანონმდებლობაში, რამდენად მომზადებული ხვდება ჩვენი კომისია ამას საქართველოში?

 

 

- მე ვახსენე, რომ ჩვენ 2014 წლიდან ვართ კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს ვალდებულებები გვექნებოდა შესასრულებელი. ამის გათვალისწინებით ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა და დასრულდა, ან მიმდინარეობს და დასრულდება კომისიაში. მაგალითად, გეტყვით რომ სატარიფო მეთოდოლოგია, რომელზეც ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ და მივიღეთ, ეს არის სრულად შესაბამისობაში მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვვნებთან. გარდა ამისა, ქცევის წესები, რომლებიც პირველად დამტკიცდა ენერგეტიკის ისტორიაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დოკუმენტია და აწესებს ტექნიკურ სტანდარტებს ბაზრის მონაწილეებისათვის, ესეც გარკვეულწილად არის გაგრძელება ამ იმპლემენტაციის, მომსახურების გაუმჯობესების კუთხითაც გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები და ესეც შესაბამისობაშია მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან. სამომავლო გეგმებიც, რაც გვაქვს უახლოესი 2-3- წლის განმავლობაში, პირდაპირ უპასუხებს ყველა იმ მოთხოვნას რაზეც ვისაუბრე.

 

 

- ამ შემთხვევაში კომისიის უფლებებიც იზრდება?

 

 

- აუცილებლად უნდა გაიზარდოს. მესამე ენერგეტიკული პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის შექმნა, მისი ფუნქციების გაძლიერება და ა.შ. მე ვთვლი, რომ საკმაოდ სწორი სამართლებრივი გარანტიები გვაქვს, მაგრამ კომპეტენციების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპეტენციის დამატება იქნება მარეგულირებელი კომისიისთვის. ყველაზე მთავარი ეს არის ბაზრის წესების შემუშავება, მისი მონიტორინგი დღეს უკვე არის კანონმდებლობის მიხედვით კომისიის კომპეტენციის შემადგენლობაში, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დასჭირდება თუნდაც იგივე პირველად კანონმდებლობაში უფრო მეტად დეტალურად გაწერა. ერთია პირველადი კანონმდებლობის შემუშავება და მეორეა მეორადი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უფრო დეტალური და ფართოა. ამიტომ ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ექსპერტების ჩართულობის, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტების. კომისიაში ერთდროულად ყოველწლიურად რამდენიმე საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს და ამ მიმართულობით მეტ აქტიურობას ველოდებით, რადგან ევროკავშირი ძალიან სერიოზულ რეფორმას გეგმავს მათ შორის, მარეგულირებელ კომისიაში, რათა დროულად, სწორად და შეუცდომლად მოვახერხოთ მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაცია.

 

 

- მომსახურების ხარისხი არის ჩვენი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ევროპულ ბაზართან ჰარმონიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. როგორც ვიცი მარეგულირებელმა კომისიამ ამ კუთხით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი და თამამი ნაბიჯები გადადგა, რეგულაცია რომელიც მან შეიმუშავა ფაქტობრივად, სრულ შესაბამისობაშია ევროპულ რეგულაციებთან. რამდენად მზად არიან ჩვენი კომპანიები ამისთვის და რას წარმოადგენს ეს ახალი რეგულაცია?

 

 

როცა მომსახურების ხარისხზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მომსახურების კომერციული ხარისხი და მომსახურების ტექნიკური ხარისხი. კომერციული მომსახურების ხარისხის ფარგლებში მუშაობდა წესი კომერციული ხარისხის სტანდარტების შესახებ. ჩვენ თავიდან ბოლომდე გადავხედეთ ამ წესს, ახლებურად შევხედეთ გარკვეულ საკიხთებს. მართალია, ჩვენ ახლა ელექტროენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებასაც, რომ ამ ახალმა წესმა, რომელიც კომისიამ 2016 წლის ივლისში მიიღო, დაფარა როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორი. ჩვენ ამ წესით მოვიცავით ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომუნალური მომსახურების გამწევი საწარმო, გვაქვს გარანტირებული სტანდარტები და ასევე გვაქვს საერთო სტანდარტები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გათვალისწინებულია, მაგალითად, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ვადები, ქოლ-ცენტრის მუშაობის სტანდარტები.

 


 

რაც შეეხება გარანტირებულ სტანდარტებს, ეს სტანდარტი კომუნალურ საწარმოს უწესებს ვალდებულებას, რომ მოემსახუროს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც დადგენილი აქვს კომისიას და მოემსახუროს ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ მომხმარებელს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება. წესებით არის დარეგულირებული ეს ყველაფერი, დაწყებული განაცხადის მიღებით, დასრულებული ელექტროენერგიის მიწოდებით. ამ წესებითვე გათვალისწინებულია ის საჯარიმო სანქციები, რომლებიც დაეკისრება კომპანიას, თუ მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

 

 

მეორე ნაწილი არის ტექნიკური სტანდარტები, რომელიც ერთი მხრივ მოიცავს ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებელს და რა ხარისხის ელექტროენერგია უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. ეს ნაწილი ჩვენ ძალიან დეტალურად გავწერეთ ქსელის წესებში. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობა არ დაგვისრულებია. იმისთვის, რომ რეგულაციები სრულყოფილი იყოს, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებლები აისახოს კომპანიების ტარიფებზე ძალიან მარტივი წესით. თუ კომპანია ასრულებს კომისიის მოთხოვნებს, ის წახალისდება ტარიფში დამატებით შემოსავლის გზით, ხოლო თუ იგი ვერ ასრულებს კომისიის მოთხოვნებს, ის უნდა დაჯარიმდეს, რათა მას ჰქონდეს გარკვეული ფინანსური სტიმულები მომსახურების ხარისხის დაკმაყოფილების კუთხით.

 

 

- საქართველოში არის მილიონნახევარი საცალო მომხმარებელი და როგორც თქვით, კომერციული მომსახურების ის გარანტირებული სტანდარტი არის პერსონიფიცირებული, შესაბამისად მისი რეგულირება არის ურთულესი საქმე. როგორ შეიძლება, რომ ეს უფრო მოსახერხებელი იყოს?

 

 

- წესი არსებობდა, მაგრამ ძალიან რთულია ამ წესის შესრულების მონიტორინგი. ამიტომ ჩვენ სრულიად ახალი გზით წავედით და გადავწყვიტეთ, რომ მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა დაგვენერგა. ეს პროგრამა უკვე დანერგილია. ამ მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული მიმოწერა უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ისე რომ, კომისიას ონლაინ რეჟიმში შეეძლოს დაკვირვება, თუ როგორ ასრულებს კომპანია თავის ვალდებულებებს. ეს იმდენად ამბიციური პროგრამაა, რომ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში თუნდაც სატესტო რეჟიმში იმუშავებს პროგრამა და მას ხარვეზები არ ექნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული წინსვლა, ამის ანალოგი არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა გაიმართება და ეს იქნება ძალიან სერიოზული შეღავათი მომხმარებლებისათვის, რომლებსაც უნდათ, რომ მიიღონ სრულყოფილი მომსახურება კომპანიებისგან.

 

 

- მგონი წარმატებები გვაქვს doing business-ის მიხედვითაც...

 

 

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაწინაურება იყო სწორედ ელექტროენერგიის მიღების თვალსაზრისით, ჩვენ ვიყავით 65-ე ადგილზე და გადმოვინაცვლეთ 39-ზე. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება იყო სწორედ ის, რომ 2015 წელს განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც, როცა ასეთი რეიტინგი შედგება ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიქნებით. ამ რეიტინგს აქვს თავისებურება, რომ ჩვენთან ერთად ვითარდეებიან სხვა ქვეყნებიც, ამიტომ ჩვენი ამოცანა არამხოლოდ ჩვენი ადგილის გაუმჯობესებაა, არამედ სხვა ქვეყნების პროგრესის დაკვირვებაც, რათა არ ჩამოვრჩეთ იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ახლა ძალიან მარტივი ამოცანა დავისახეთ, რომ ვნახოთ ელექტროენერგიის მიღების სიმარტივის თვალსაზრისით ათეულში მყოფი ქვეყნების გამოცდილება და ვეცადოთ ამ წესების მორგებას ჩვენს რეალობასთან.

 

 

 

- ბოლო პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად ექსპერტები საუბრობდნენ ტარიფების ზრდაზეც, მოდით ავუხსნათ მომხმარებლებს რა გავლენის მოხდენა შეუძლია ლარის გაუფასურებას ტარიფებზე?

 

 

- კურსის ცვლილებაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა იყო ეს რყევა, მაშინ როცა ტარიფების კორექტირება გამოიწვია, ახლა ამ ტიპის რყევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს, ამიტომ ამ თემაზე აქცენტირება მთლად სწორი არ იქნება. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ კომისია ყოველწლიურად უყურებს ყველა სექტორის ტარიფებს, ყოველი წლის ბოლოს ჩვენი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ აუცილებელია კომისიაში შევიდეს სატარიფო განაცხადი, კომისიამ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანუ თავისთავად სატარიფო განაცხადი არ ნიშნავს, რომ მოითხოვება ტარიფების გაძვირება. ამ ეტაპზე კურსის ცვლილება შეშფოთების საფუძველს არ გვაძლევს.

 

 

- განსაკუთრებით რომელი კომპონნეტებია მგრძნობიარე ტარიფის კურსთან მიმართებაში?

 

 

- ვალუტის კურსს გავლენა აქვს, მაგალითად განაწილების წესს თუ ავიღებთ საინვესტიციო მდგენელზე, სადაც კაპიტალური დანახარჯების განხორციელება ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა, რამაც მაშინაც გამოიწვია ტარიფის ცვლილება, ეს არის იპორტირებული ელექტროენერგია და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ბოლო ტრენდი აჩვენებს, რომ იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება, იმის გათვალისწინებით, რომ შიდა სიმძლავრეები ვითარდება, თუმცა ამაშიც მონაწილეობს გარკვეულწილად ვალუტის კურსი, თუნდაც თბოსადგურების ნაწილში ისინი ბუნებრივ გაზს ყიდულობენ დოლარში. თუმცა ჩვენ თბოსადგურების ნაწილში ბოლო ტარიფი დავთვალეთ ნიშნულზე 2.4 ამდენად, ეს ნიშნული ჯერჯერობით შენარჩუნებულია.

 

 

- საიდან გაჩნდა საფეხურებრივი ტარიფის აუცილებლობა, რა ფინანსური თუ ეკონომიკური საფუძველი აქვს ამას და ასევე მინდა გამოეხმაუროთ განცხადებას, რომ მოსახლეობა თელასს ყოველწლიურად 211 მილიონი ლარით ზედმეტს უხდის...

 

 

- საფეხურებრივი ტარიფები, რომლებიც რამდენიმე წელია მუშაობს, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს წურავს და აუცილებელია სხვა სისტემაზე გადასვლა. ბოლო დროს საუბარი იყო დროში დიფერენცირებულ ტარიფებზე, არა რაოდენობაზე ორიენტირებულ ტარიფებზე, ეს არის დღის და ღამის ტარიფები, რაც უფრო სწორი იქნება დღევანდელი სისტემისთვის. მაგრამ ეს პროცესი ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება „თელასის" საკითხს, მინდა განვმარტო, რომ როდესაც ვიწყებთ კომპანიის სატარიფო განაცხადის განხილვას პირველ რიგში ვაკეთებს დანახარჯების აუდიტს და განვსაზღვრავთ მომდევნო წლისთვის რამდენი უნდა იყოს კომპანიის ე.წ. ნებადართული შემოსავალი. პირობითად, ჩვენ ვამბობთ რომ კომპანიამ უნდა მიიღოს 120 მილიონი ლარი, შემდეგ უკვე ტარიფის სტრუქტურა და დაშლა ხდება იმ დანიშნულების გათვალისწინებით, რომ მან არც ერთი თეთრით მეტი ან ნაკლები არ უნდა მიიღოს. საფეხურებრივ ტარიფებთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ასევე ხშირად მესმის ე.წ. გამჭოლი ტარიფების საკითხი. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მოიხმარს 102 კილოვატს პირობითად, მას ქონდეს დაბალი ფასი და დანარჩენებს ვინც მოიხმარს მეტს ჰქონდეთ მაღალი ფასი. ქვეყანაზეა დამოკიდებული რომელ სისტემას აირჩევს გამჭოლს თუ არაგამჭოლს, მაგრამ არჩეული რომ ყოფილიყო არაგამჭოლი ტარიფებიც, კომპანია მაინც იმდენ შემოსავალს მიიღებდა, რამდენიც მას უნდა მიეღო.

 

 

- კიდევ არის საუბარი იმაზე, რომ კომპანიის წარმომადგენელმა მრიცხველი წაიკითხა 29 დღეში შემდეგ გაიგო 1 დღის საშუალო მოხმარება, ამ შემთხვევაში დავა ვის სასარგებლოდ და როგორ წყდება?

 

 

- ამ ბოლო დროს იმატა ამ ტიპის დავებმა კომისიაში და ჩვენ მათ ვწყვეტთ მომხმარებლების სასარგებლოდ. ასეთი კომპანია იყო, „თელასი" და ჩვენ მას მივმართეთ, რომ მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ.

 

 

- დროში დიფერენცირებული ტარიფების სარგებლიანობაზე რა ხდება....

 

 

- ეს ტარიფები მომხმარებლებს პასიური მომხმარებლიდან აქტიურ მომხმარებლად გადააქცევს, რადგან ის თავად განსაზღვრავს რა დაუჯდება ელექტროენერგია, იმის გათვალისწინებით როდის რას მოიხმარს. საბაზისო სცენარია დღის, ღამის და პიკის ტარიფები. თუ ჩვენ გადავდივართ დროში დიფერენცირებულ ტარიფებზე, არც ერთი მომხმარებელი არ მისცემს თავის თავს უფლებას, რომ პიკში გაზარდოს მოხმარება და ჩართოს მაგალითად სარეცხი მანქანა. ამ მიდგომის ინსტრუმენტია ჭკვიანი მრიცხველები, რომელიც შესაძლებელს ხდის აღირიცხოს ელექტროენერგია საათობრივ ჭრილში.

 

 



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up