ირანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. ინფორმაციას რუსული მედია ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ იანუშ ჯახანპურზე დაყრდნობით წერს.
„ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 323 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში 99 970 ადამიანია ინფიცირებული“, - ამის შესახებ ტელეარხ IRINN-ის ეთერში იანუშ ჯახანპურმა განაცხადა.
მისი თქმით, სულ კორონავირუსისგან 80 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 63 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით 6 340 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge