ირანის ხელისუფლება ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი არ გამოვლენილა, სკოლებისა და მეჩეთების გახსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, დაბალი რისკის ზონებში მეჩეთების გახსნა 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, როგორც რუჰანიმ აღნიშნა, ზოგიერთ სკოლაში სწავლის განახლება მალე იგეგმება.
ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მაისს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტენდენციის კლების შესახებ განაცხადა.
ირანში უკვე გაუქმდა ქალაქების შიგნით გადაადგილების აკრძალვა, ასევე განახლდა სავაჭრო ცენტრების მუშაობა.
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 47 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 6 203 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნის მაშტაბით სულ 97 424 ადამიანი დაინფიცირდა.
1tv.ge