მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდა. Reuters-ის ცნობით, ფასზე გავლენა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერის, გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობამ მოახდინა.
ბოლო მონაცემებით ერთი ბარელი ნავთობის ფასი $68,19 გაუტოლდა და 2,9%-ით გაძვირდა.
„ახლო აღმოსავლეთში რისკები გაზრდილია. აშშ-სა და ირანის მიერ ერაყში მხარდაჭერილი ძალებს შორის დაძაბულობა მატულობს, “ - წერს სააგენტო. მოსალოდნელია კონფლიქტი ნავთობის მიწოდებაზე ნეგატიურად აისახოს.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.
პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.
31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.
მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.
Imedinews.ge