ირან-აზერბაიჯანის სახიფათო სამხედრო „თამაშები“ – საფრთხე საქართველოსთვისაც

ირან-აზერბაიჯანის სახიფათო სამხედრო „თამაშები“ – საფრთხე საქართველოსთვისაც

access_time2021-10-08 10:00:22

ყარაბაღის მეორე დიდი ომიდან 1 წლის შემდეგ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში ისევ დაიძაბა. ყურადღების ცენტრში ახლა ირან-აზერბაიჯანის საზღვარია, სადაც სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ისრაელი ასევე დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რისკები საქართველოშიც იზრდება.



ამ ეტაპზე კონფლიქტის ომში გადაზრდის ალბათობა დაბალია, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, მხარეების წონიდან გამომდინარე, მან შეიძლება ყარაბაღის შარშანდელ ომზე ბევრად უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. საქართველოსთვის საფრთხეს მხოლოდ საომარი მოქმედებების მის ტერიტორიაზე გადმოტანის საშიშროება არ წარმოადგენს. აზერბაიჯანი თურქეთს ნავთობსა და გაზს საქართველოზე გამავალი მილსადენებით აწვდის. რკინიგზითაც ამ ორ სახელმწიფოს საქართველო აკავშირებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნებრივი გაზით საქართველო თითქმის 100%-ით აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, თურქეთი კი #1 სავაჭრო პარტნიორის სტატუსს დღემდე უცვლელად ინარჩუნებს.



ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე 20 მლნ-ზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობას 2-ჯერ აჭარბებს. 1945 წლის ნოემბერში სტალინის გადაწყვეტილებით ირანის ტერიტორიაზე მარიონეტული „აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა“ შეიქმნა, რომელმაც მხოლოდ 13 თვე იარსება. ირანში ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანი მათი პროვინცია იყო, რომელიც XIX საუკუნეში რუსეთმა მიისაკუთრა. აზერბაიჯანში კი სურთ, რომ ჩრდილოეთ ირანი სამხრეთ აზერბაიჯანი გახდეს. ბაქო და თეირანი აღნიშნულ პრეტენზიებს ერთმანეთს ოფიციალურად არ უცხადებს, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყნების შიგნით მსგავსი ნარატივი გააქტიურდა.



რეგიონული პრობლემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „ომერსანტი“ რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.



ზურა ბატიაშვილი ესკალაციის მთავარ მიზეზად ყარაბაღის ბოლო ომს ასახელებს, რომლის შემდეგაც თეირანის გადმოსახედიდან ირანის პოზიციები დასუსტდა, რასაც ბაქოსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც ემატება. ირანში ეჭვობენ, რომ ისრაელმა შეიძლება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დაარტყას. თუ ისრაელთან მიმართებაში ეჭვებია, აზერბაიჯან-თურქეთის წვრთნები ღიად ტარდება, რაც ასევე მიუღებელია ირანისთვის. თეირანის გაღიზიანების კიდევ ერთ მიზეზად აზერბაიჯანში ირანელი სატვირთო მანქანების მძღოლების დაკავება სახელდება, თანაც იმ ტერიტორიაზე, რომელზე კონტროლიც ბაქომ ომის შემდეგ აღიდგინა.



როგორც რონდელის ფონდის მკვლევარმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით ესკალაცია საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, მასში საქართველოს ჩათრევის ალბათობა, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობის მიზეზით, იზრდება. კითხვაზე, ექნება თუ არა შესაძლო კონფლიქტს უფრო დიდი გავლენა საქართველოზე, ვიდრე ყარაბაღის ბოლო ომს, ზურა ბატიაშვილი გვპასუხობს, რომ კი, რადგან ირანი სომხეთი არ არის.



ამ დრომდე გაურკვეველი რჩება რუსეთის პოზიცია. გასულ წელს მან ფაქტობრივად მიატოვა იქამდე მის მფარველობაში მყოფი სომხეთი და მხოლოდ მაშინ ჩაერია, როდესაც რეგიონში საკუთარი „სამშვიდობოების“ განთავსება მოითხოვა. ზურა ბატიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, 3 დღის განმავლობაში რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით მულტიფუნქციური სამხედრო თვითმფრინავების ИЛ76-ების ფრენა შეინიშნებოდა, რითაც შესაძლოა სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა, ან სულაც ცოცხალი ძალა გადაჰყავდა.



აზერბაიჯანისთვის პრობლემას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაც წარმოადგენს. პირდაპირი გზა სომხეთზე გადის. ეს უკანასკნელი მას მხოლოდ საჰაერო გზით ატარებს და ეს გზაც მხოლოდ გუშინ – 6 ოქტომბერს გაიხსნა. იქამდე აზერბაიჯანი თავის ექსკლავს ირანზე გავლით უკავშირდებოდა, ახლა ირანი მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს ატარებს. კიდევ ერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის, რაც ძალიან შორია და ასევე ძვირიც.


შექმნილ ვითარებაში საშიშროებას ხედავს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილიც. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ ესკალაციის შემთხვევაში ორივე მხარე საქართველოზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, განსაკუთრებით კი რუსეთი, რომელსაც თურქეთისგან განსხვავებით სომხეთზე პირდაპირი გასასვლელი სჭირდება. ამ დროს კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაბალო დონეზეა.



სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ომი, შეიარაღებული დაპირისპირების მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ეპიზოდია. სისხლი ეთნიკურ ნიადაგზე ბაქოსა და შუშაში ჯერ კიდევ 1905 წელს დაიღვარა, შემდეგ იყო 1918 წლის დაპირისპირება. ეს კონფლიქტი 1988 წელს განახლდა. 1988-1994 წლებში სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარების ხარჯზე მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო არსებული აზერბაიჯანის 7 რაიონის ოკუპაცია მოახდინა, ოკუპირებული ბუფერული ზონის ფართობი უშუალოდ ყარაბაღის ფართობს 4-ჯერ აღემატებოდა. 6–წლიან ომს ორივე მხრიდან, ოფიციალური მონაცემებით, 38 000 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლამდე რეგიონში მყიფე მშვიდობას პერიოდულად ავტომატის ჯერი და ქვემეხების ხმაური არღვევდა, რასაც დამატებით 3500 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამასი, 2016 წლის გაზაფხულის შეტაკებებს.



2020 წლის 27 სექტემბერს ბაქომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო. სავარაუდოდ შეტევაზე გადასვლამდე ალიევმა დეტალები პუტინთან „დაალაგა.“ მოსკოვმა სომხეთს დასავლეთისკენ ცალი თვალით გახედვაც არ აპატია. კონფლიქტის მორიგი ტალღა 10 ნოემბერს აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. სომხეთი იძულებული გახდა კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. აზერბაიჯანმა კონტროლი შვიდივე რაიონზე და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილზე, მათ შორის ქალაქ შუშაზე აღიდგინა, თუმცა თავადაც იძულებული გახდა ყარაბაღში 2000 რუსი „სამშვიდობოს“ ჩაყენებას დასთანხმებოდა. ომს ამჯერად ორივე მხრიდან 7000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.



წაგებული ომის შემდეგ სომხეთში ფაშინიანის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყა, თუმცა 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე კვლავ მისმა პარტიამ გაიმარჯვა და ფაშინიანი ისევ პრემიერი გახდა. წინამორბედებისგან განსხვავებით ფაშინიანი მოსკოვის ვასალობაზე უარს აცხადებს. თუ ადრე ერევანი გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებდა მუდამ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა, ბოლო წლებია ან ხმის მიცემისგან იკავებს თავს, ან მთლიანად კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აზერბაიჯანი და თურქეთი – ორივე საქართველოს სასარგებლოდ აძლევს ხმას.



ყარაბაღის ბოლო ომის დროს აქტიური საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე არ გამართულა, თუმცა 2 აზერბაიჯანული დრონი შემხვევით კახეთში ჩამოვარდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია (არსებობს მოსაზრება, რომ მესამე დაინტერესებული მხარე დრონების მართვაში გარედან შეგნებულად ჩაერია). საქართველო ეკონომიკურადაც და ენერგეტიკულადაც სომხეთზე მეტად აზერბაიჯანთანაა დაკავშირებული. რადგან ომში ბაქომ გაიმარჯვა, მას დიდი გავლენა არც საქართველოს ეკონომიკაზე მოუხდენია. 6.2%-იანი ვარდნა კორონა-კრიზისით იყო გამოწვეული, მაგრამ რა მოხდება ახლი დიდი ომის შემთხვევაში?



1999 წელს ბაქო-სუფსის ნავთობსადენი გაიხსნა. რეალურად ის მოდერნიზებული საბჭოთა მილსადენი იყო ახალი სექციებით. მშენებლობა $550 მლნ დაჯდა. მისი გამტარუნარიანობა დღიურად 145 ათას ბარელს შეადგენს.



1998 წელს, ანკარაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას მოეწერა ხელი, რომელიც 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა, სრულ ექსპლუატაციაში კი 2006 წელს შევიდა. 1768 კმ სიგრძის მილსადენი  249 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, 443 კმ აზერბაიჯანზე და 1076 კმ თურქეთზე. მისი დღიური გამტარუნარიანობა 1 მლნ ბარელს შეადგენს. აზერბაიჯანულის გარდა მილსადენში შუა აზიის ქვეყნების ნავთობიც მიედინება. პროექტი ჯამში $4 მლრდ დაჯდა. 14 წელიწადში მან 455 მლნ ტონა (3.41 მლრდ ბარელი) ნავთობის ტრანსპორტირება უზრუნველყო.



2007 წლამდე საქართველო 100%-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. 2006 წლის იანვარში რუსეთის მიერ მილსადენზე მოწყობილი დივერსიის შედეგად ქვეყანა კვირაზე მეტი ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა. დროებით გამოსავლად ირანი მოიძებნა, 2007 წელს კი არჩევანი აზერბაიჯანზე შეჩერდა. აზერბაიჯანული გაზის წილმა 2007 წელს 33% შეადგინა, რომელიც შემდეგ თითქმის 100%-მდე გაიზარდა.



მაშინ როცა ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე $1900-ს აღწევს, საქართველო კომერციულ გაზსაც კი მასზე ბევრად იაფად, სოციალურ გაზს კი კიდევ უფრო დაბალ ფასად იღებს. ასეთი უპირატესობა საქართველომ გეოგრაფიული მდებარეობით მოიპოვა. შაჰ-დენიზის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. გაზსადენის საერთო სიგრძე 970 კმ-ა, საიდანაც საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ მისი წლიური გამტარუნარიანობა 9-დან 16 მლრდ მ3-მდე გაიზარდა. 2030 წლისთვის შაჰ-დენიზი 3-ის ამუშავებაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც გაზის სამხრეთის დერეფნის გამტარუნარიანობა 28 მლრდ მ3-მდე უნდა გაიზარდოს. საიდანაც საქართველო თითქმის სიმბოლურ ფასად 1.4 მლრდ მ3-ს მიიღებს.



2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 6.1%-ით 2.730 მლრდ მ3-მდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 300 მლნ კუბური მეტრით მეტია.



გაზის ტარიფი ოფიციალურად „კომერციულ საიდუმლოს“ წარმოადგენს, თუმცა მიახლოებითი საშუალო ფასის გამოთვლა მაინც შესაძლებელია. 2020 წელს საქართველომ 2.573 მლრდ მ3 გაზი მოიხმარა, საიდანაც 92.7% აზერბაიჯანული იყო (2.385 მლრდ მ3 აზერბაიჯანული, 170 მლნ მ3 რუსული და 18 მლნ მ3 ადგილობრივი). გაზის იმპორტი საქართველოს სულ $315 მლნ დაუჯდა, რაც 1000 კუბურ მეტრზე საშუალოდ $132 გამოდის, ანუ 14-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს ღირს ევროპაში. თუ გაზის ქვითარში არსებულ გადასახდელ თანხას 14-ზე გავამრავლებთ, მიღებული ტარიფი ნამდვილად არავის მოეწონება.



გაზიფიცირებასთან ერთად კი მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. რადგან საქართველოში ჰესები აღარ შენდება, ახლო მომავალში გაზზე მომუშავე თბოსადგურების დატვირთვაც გაიზრდება.



კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ერთმანეთთან სამ ქვეყანას აკავშირებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. რკინიგზის დატვირთვა ჯერჯერობით მინიმალურია, თუმცა მისი სიმძლავრე წლიურად 6.5 მლნ ტონას შეადგენს – 17 მლნ ტონამდე ზრდის პერსპექტივით. მგზავრთნაკადი კი 1 მლნ-ს.



საქართველოში 1996-2020 წლებში სულ $22 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც პირველ ადგილს $2.8 მლრდ-ით აზერბაიჯანი იკავებს, მეორეზე $2.7 მლრდ-ით ბრიტანეთია (მილსადენის პროექტებში BP ყო ჩართული), მესამეზე $2.6 მლრდ-ით ნიდერლანდებია და მეოთხე ადგილზე $1.9 მლრდ-ით თურქეთი.



ასეთი ღრმა ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, რეგიონში დიდი ომი საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში დააზარალებს. მაშინაც კი, თუ საომარი მოქმედებები თავიდან იქნა აცილებული. ენერგეტიკულ პროექტებს თავი რომ დავანებოთ, პანდემიამდე ვიზიტორების თითქმის 70% ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოდიოდნენ.



გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up